ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური ძალზე დრამატული, დაძაბული და სენსაციური მატჩებით დასრულდა.
დამარცხდა მადრიდის „რეალი“, მოქმედი ჩემპიონი, რომელმაც საფრანგეთში „ლილთან“ ვერაფერი გააწყო. პირველი ტაიმის მიწურულს ჯონათან დევიდის პენალტი ერთადერთი გამოდგა. ამრიგად, ორი ტურის შემდეგ „რეალს“ და „ლილს“ 3-3 ქულა აქვთ.
განადგურდა მეორე მადრიდული გუნდი „ატლეტიკო“, რომელმაც ლისაბონში, „ბენფიკასთან“ შერცხვა - 0:4. პორტუგალიურმა გუნდმა უბრალოდ გადაურბინა დიეგო სიმეონეს გუნდს და არავითარი შანსი არ მისცა. ორი ტურის თავზე „ატლეტიკოს“ მონაგარი 3 ქულაა, „ბენფიკას“ კი, 6 ქულა აქვს.
„ლივერპულმა“ „ბოლონიას“ ადვილად აჯობა თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იტალიელებს პირველ ტაიმში არაერთხელ შეეძლოთ გატანა და ალისონი ირჯებოდა დიდებულად. „ლივერპულს“ 6 ქულა აქვს, „ბოლონიას“ – 1.
დამარცხდა მიუნხენის „ბაიერნიც“, პირველად ვენსან კომპანის ხელმძღვანელობით, „რეკორდმაისტერი“ ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ ვერ გახდა ვერაფერს, მატჩის მიწურულს ჯო დურანის გოლი გადამწყვეტი იყო. უნაი ემერის გუნდი უდანაკარგოა ორი ტურის თავზე, ხოლო „ბაიერნს“ 3 ქულა აქვს.
დაძაბული იყო „დინამო ზაგრების“ და „მონაკოს“ მატჩიც. პირველ ტურში ხორვატები „ბაიერნთან“ 2:9 განადგურდნენ, ხოლო „მონაკომ“ „ბარსელონას“ აჯობა, მაგრამ ახლა „დინამო“ ძალიან ახლოს იყო მოგებასთან. 2:0-ს იგებდა კიდეც, მაგრამ ბოლოს გაანიავა უპირატესობა და ქულას დასჯერდა.
ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ საკუთარ კედლებში 0:1 დამარცხდა „ბრიუგესთან“. ქართველმა ავსტრიულ გუნდს უკაპიტნა, მაგრამ მარცხისგან ვერ დაიხსნა. ის მოედანზე 90 წუთი იყო. „შტურმს“ 0 ქულა აქვს, „ბრიუგეს“ – 3.
და ბოლოს, დღის ყველაზე დრამატული და საოცარი მატჩი. ტურინის „იუვენტუსმა“ „ლაიფცგის“ სტუმრად 3:2 აჯობა, თანაც 10 ფეხბურთელით. გერმანელებმა ბენჟამინ შეშკოს გოლით ტაიმი მოიგეს, რასაც მეორე ნახევრის სტარტზე ტურინელებმა დუშან ვლაჰოვიჩის გოლით უპასუხეს. 59-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშის გამო მეკარე, მიკელე დი გრეგორიო გააძევეს და „იუვე“ 10 კაცით დარჩა. დანიშნული ჯარიმა მასპინძლებმა შეასრულეს, ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა დუგლას ლუისს და პენალტიც დაინიშნა, რომელიც შეშკომ გოლად აქცია... თითქოს, „იუვე“ განწირული იყო, არადა, 11 ფეხბურთელით მეტოქეს აშკარად სჯაბნიდა. თუმცა, ტიაგო მოტას გუნდმა რიცხობრივ უმცირესობაში მოახერხა დაქამბექება. ჯერ დუშან ვლაჰოვიჩმა გაათანაბრა შესანიშნავი დარტყმით, ხოლო 82-ე წუთზე ფრანსისკუ კონსეისაომ არანაკლებ მაგარი გოლი გაიტანა და „ბებერმა ქალბატონმა“ სრულიად დამსახურებულად მოიგო. „იუვეს“ ორ ტურში 6 ქულა აქვს, ხოლო „ლაიფციგი“ უქულოდაა.
ჩემპიონთა ლიგა სამი კვირის შემდეგ მესამე ტურის მატჩებით განახლდება.
„ასტონ ვილა“ – „ბაიერნი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 დურანი (79)
„ბენფიკა“ – „ატლეტიკო“ 4:0 (1:0)
გოლები: 1:0 აკტურკოღლუ (13), 2:0 დი მარია (52, პენ), 3:0 ბაჰი (75), 4:0 კოკჩუ (84, პენ)
„დინამო ზაგრები“ – „მონაკო“ 2:2 (1:0)
გოლები: 1:0 შუჩიჩი (45), 2:0 ბატურინა (66), 2:1 სალისუ (74), 2:2 ზაკარია (90, პენ)
„ლილი“ – „რეალი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 დევიდი (45, პენ)
„ლივერპული“ – „ბოლონია“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 მაკალისტერი (11), 2:0 სალაჰი (75)
„ლაიფციგი“ – „იუვენტუსი“ 2:3 (1:0)
გოლები: 1:0 შეშკო (30), 1:1 ვლაჰოვიჩი (50), 2:1 შეშკო (65, პენ), 2:2 ვლაჰოვიჩი (68), 2:3 კონსეისაო (82)
„შტურმი“ – „ბრიუგე“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ცოლისი (23)