ტეო ერნანდესი „მილანში“ გატანილი გოლების რაოდენობით პაოლო მალდინის გაუთანაბრდა, ოღონდ სერია A-ს ეგიდით.
ფრანგმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში 29-ე გოლი „ლეჩეს“ გაუტანა და ამ შედეგისთვის მას სულ რაღაც 168 მატჩი დასჭირდა. თავის მხრივ, მალდინიმ სერია A-ში 29 გოლი 647 თამაშში გაიტანა.
იტალიის ჩემპიონატში „მილანის“ არც ერთ სხვა მცველს ამაზე მეტი გოლი არ გაუტანია.
რაც შეეხება ყველა ტურნირს, მალდინის აქტივში 33 გოლია (902 შეხვედრაში), ხოლო ტეო ერნანდესს 31 გოლი აქვს გატანილი 219 მატჩში. ცხადია, ეს უბრალოდ სტატისტიკა, თანაც ტეო ბევრად შემტევი მცველია, ვიდრე პაოლო იყო.
„მილანმა“ სერია A-ს მეექვსე ტურში „ლეჩე“ 3:0 დაამარცხა, ტეოს გარდა კი, გოლები ალვარო მორატამ და კრისტიან პულიშიჩმა გაიტანეს.