ფეხბურთი

1:10 | 27.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" იტალიის თასზე "პალერმო" გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე გავიდა

იტალიის თასის 1/16-ფინალში „ნაპოლიმ“ „პალერმო“ 5:0 გაანადგურა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

ანტონიო კონტემ ძირითადი შემადგენლობა პრაქტიკულად მთლიანად დაასვენა, სტანისლავ ლობოტკას გამოკლებით, თუმცა ნეაპოლელებმა მაინც ძალიან ადვილად გაიმარჯვეს.

მე-12 წუთისთვის სირილ ნგონგემ შეასრულა დუბლი, ტაიმის მიწურულს ჟუან ჟეზუშმაც გაიტანა და ყველაფერი შესვენებამდე გადაწყდა. მეორე ნახევარში „პალერმოს“ ფეხბურთელიც გაუძევეს, რიცხობრივ უმცირესობაში კი, რა თქმა უნდა, ვერაფერი მოახერხა.

„აძურიმ“ კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა: ჯერ დავიდ ნერეშმა და შემდეგ სკოტ მაკტომინეიმ გაიტანეს „ნაპოლის“ რიგებში სადებიუტო გოლები. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის მოედანზე 75-ე წუთზე ნერეშის ნაცვლად შევიდა, როცა ანგარიში 4:0 იყო. ცხადია, ქართველი, ისევე, როგორც გუნდის სხვა ლიდერები, კონტემ დაასვენა.

კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში შვიდ მატჩში ორი გოლი აქვს გატანილი, ორჯერაც საგოლე პასი მიითვალა. „ნაპოლი“ იტალიის თასის მერვედფინალში სტუმრად „ლაციოს“ შეხვდება, ხოლო სერია A-ს უახლოეს ტურში 29 სექტემბერს, „მონცას“ უმასპინძლებს.

0.124674