ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, ჩვენთვის კი, მთავარი ქართველი ფეხბურთელის საგოლე პასია.
პეპ გვარდიოლას გუნდმა პირველივე ტაიმში ჟერემი დოკუს და მათეუშ ნუნიეშის გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. ჩაკვე მოედანზე მხოლოდ 61-ე წუთზე შევიდა, სწორედ ამის შემდეგ „უოტფორდის“ თამაში შეიცვალა.
გიორგიმ არაერთი სახიფათო იერიში წამოიწყო, რომელიც ლოგიკურ დასასრულებამდე ერთხელ მივიდა. ჩაკვეს პასით 86-ე წუთზე პოლ ინსის შვილმა, ტომ ინსიმ გაიტანა და სხვაობა შეამცირა. თუმცა, დარჩენილი დრო ტომ ქლევერლის გუნდს გასათანაბრებლად არ ეყო. ჩაკვეტაძეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი შეფასება ერგო თავის გუნდში.
მიმდინარე სეზონში ქართველმა „უოტფორდში“ ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში ერთი გოლი და სამი საგოლე პასი მიითვალა. მისი გუნდი მომდევნო მატჩს ჩემპიონშიფში, 28 სექტემბერს, „სანდერლენდთან“ გამართავს.