ფეხბურთი

1:21 | 23.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

შესანიშნავი "მილანი" "დერბი დელა მადონინაში"
"მილანმა" "ინტერი" ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად დაამარცხა

იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „მილანმა“ „ინტერი“ დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, რამაც შეიძლება „როსონერის“ ძალიან დიდი მუხტი მისცეს.

საქმე ისაა, რომ მატჩამდე „მილანი“ ბევრი პრობლემით მივიდა, პაულუ ფონსეკას გათავისუფლებაზეც კი საუბრობდნენ, მაგრამ „დერბი დელა მადონინაში“ „როსონერი“ უნაკლო, ბრწყინვალე იყო.

„მილანი“ მეათე წუთზე კრისტიან პულიშიჩმა დააწინაურა შესანიშნავი გოლით, რასაც 28-ე წუთზე ფედერიკო დიმარკომ უპასუხა და ტაიმიც ასე დასრულდა. მეორე ნახევარში „მილანის“ უპირატესობა უფრო მეტად გამოიკვეთა და არაერთი ძალიან რეალური საგოლე მომენტიც შექმნა.

შესაბამისად, 89-ე წუთზე მატეო გაბიას გამარჯვების გოლი სრულიად ლოგიკური და სამართლიანი იყო. „მილანმა“ 1999 წლის შემდეგ პირველად მოიგო დერბი, რომელშიც 89-ე წუთისთვის ანგარიში თანაბარი იყო. "დერბი დელა მადონინა" "მილანმა" 2022 წლის 3 სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო. მას შემდეგ იყო 6 დერბი და ექვსივე "ინტერის" გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ როგორც იქნა, "როსონერიმ" ცუდი სერია შეწყვიტა.

ხუთი ტურის შემდეგ „ინტერსა“ და „მილანს“ 8-8 ქულა აქვთ, შესაბამისად, მეექვსე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებენ. სერია A-ს მოულოდნელი ლიდერი ჰყავს - „ტორინო“, რომელსაც 11 ქულა აქვს. შემდეგ მოდიან „ნაპოლი“ და „უდინეზე“ 10-10 ქულით, „იუვენტუსი“ და „ემპოლი“ 9-9 ქულით.

„ინტერი“ – „მილანი“ 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 პულიშიჩი (10), 1:1 დიმარკო (28), 1:2 გაბია (89)

0.112657