ფეხბურთი

17:53 | 19.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "ვალენსიამ" ჩემი ცხოვრება შეცვალა და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის"

„ვალენსიას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გიორგი მამარდაშვილთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. როგორც ქართველმა მეკარემ თქვა, სურს ამ სეზონის განმავლობაში კლუბისთვის ყველაფერი გაიღო, რადგან „ვალენსიამ“ მისი ცხოვრება შეცვალა.

- როგორაა გუნდი?

- ენერგია აღვიდგინეთ და კარგად ვართ. ვფიქრობ, უნდა მოვიგოთ და შემდეგ თამაში ძალიან მნიშვნელოვანია.

- „ატლეტიკოსთან“ მატჩი ძალიან რთული იყო...

- რა თქმა უნდა, „მეტროპოლიტანოზე“ თამაში ძნელია. ახლა მთავარია „ჟირონასა“ და „ოსასუნასთან“ ქულების მოპოვება. უნდა გამოვასწოროთ მდგომარეობა, დარწმუნებული ვარ, გამარჯვება შეგვიძლია.

- საკმაოდ ცუდი სერია გაქვთ...

- დინამიკა უნდა შევცვალოთ, რადგან პირველი ხუთი მატჩი ძალიან რთული იყო. „ჟირონასთან“ საკვანძო თამაშია, ხალხის მხარდაჭერა გვჭირდება. „მესტალიაზე“ ყოველთვის უკეთ ვთამაშობთ, გასვლაზე თამაში უფრო გვიჭირს.

- ორივე საშინაო მატჩში გუნდი საკმაოდ კარგი იყო...

- „ბარსასთან“ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ძალიან ძალიან კარგად ვითამაშეთ, ასევე „ვილიარეალთან“. ასე უნდა გავაგრძელოთ და ქულები მოვიპოვოთ. ახლა ხალხის დახმარება გვჭირდება ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად.

- „ლივერპულთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ „ვალენსიაში“ იჯარით დარჩით...

- „ვალენსიამ“, ამ ქალაქმა და კლუბმა შეცვალა ჩემი ცხოვრება. მინდა, ამ სეზონში ყველაფერი გავიღო. „ვალენსია“ ჩემს კარიერაში საკვანძო იყო, ძალიან დამეხმარნენ აქ და ეს წლები წარმოუდგენელი იყო. მხოლოდ მადლობა შემიძლია გითხრათ, მადლობის გარდა, სათქმელი არაფერი მაქვს.

- წინა სეზონი თქვენთვის საუკეთესო იყო?

- დიახ, საუკეთესო სეზონი მქონდა. უნდა გავაგრძელო ბევრი მუშაობა და შედეგიც მოვა. საკმაოდ კარგი სეზონი მქონდა, ეს დიდი შრომის შედეგია. უნდა გავაგრძელო მუშაობა, რადგან კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი.

- ოქროს ბურთზე ნომინირებული ხართ...

- ჩემი ოცნება იყო საუკეთესოთა შორის ყოფნა. ძალიან მიხარია. ეს ეროვნულ ნაკრებში ყოფნისას გავიგე და ვთქვი: ღმერთო ჩემო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლიდან თამაშობს და 105 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2025 წლის ზაფხულში ქართველი მეკარე „ვალენსიას“ შეუერთდება.

0.117298