ფეხბურთი

22:15 | 15.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და საგოლე პასი "კალიარისთან", "ნაპოლიმ" დიდი ანგარიშით მოიგო

იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „კალიარი“ 4:0 გაანადგურა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.

ქართველმა ფეხბურთელმა რომელუ ლუკაკუსთან ერთად წყვილში ბრწყინვალედ ითამაშა და გამარჯვებაში ორივემ დიდი წვლილი შეიტანა.

ანტონიო კონტეს გუნდი მე-18 წუთზე ჯოვანი დი ლორენცოს გოლით დაწინაურდა და ტაიმიც ასე მოიგო. „ნაპოლის“ საკმაოდ გაუჭირდა, „კალიარის“ არაერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

სამაგიეროდ, 66-ე წუთზე კვარაცხელიამ გაიტანა, რომელმაც კარგ პოზიციაში დარჩენის შემდეგ კლასი გამოავლინა და მეკარეს ადვილად აჯობა. 4 წუთის მერე ქართველმა გოლს საგოლე პასი დაუმატა, როცა რომელუ ლუკაკუს დაეხმარა გატანაში.

74-ე წუთზე ქართველი შეცვალეს, რაც ლოგიკურია, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, სტუმრებმა მეოთხეც შეაგდეს, ამჯერად თავი ალესანდრო ბონჯორნომ გამოიჩინა.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე (სერია A და იტალიის თასი) ხუთ მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს აქტივში.

„ნაპოლი“ 9 ქულით სერია A-ში გალიდერდა, მომდევნო მატჩს კი, 21 სექტემბერს, სტუმრად ტურინის „იუვენტუსთან“ ჩაატარებს.

„კალიარი“ - „ნაპოლი“ 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 დი ლორენცო (18), 0:2 კვარაცხელია (66), 0:3 ლუკაკუ (70), 0:4 ბონჯორნო (90)

0.136624