ფეხბურთი

22:56 | 14.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ემპოლის" მწვრთნელი: "გოგლიჩიძემ ორივე თამაში დიდი ფეხბურთელივით ჩაატარა"

„ემპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ „იუვენტუსთან“ მატჩის (0:0) შემდეგ საბა გოგლიჩიძეზე ისაუბრა, რომელმაც შესანიშნავი თამაში ჩაატარა.

როგორც მან თქვა, საბას პრობლემა აქვს იტალიურ ენასთან, მაგრამ მთავარია, რომ საფეხბურთო ენა ესმის.

„გოგლიჩიძე დროთა განმავლობაში აღმოვაჩინეთ. თავიდან მას უჭირდა ვარჯიში, ახლა იტალიური ენის გაგება უჭირს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ საფეხბურთო ენა ესმის. ორივე თამაში დიდი ფეხბურთელის დონეზე ჩაატარა. ახალგაზრდებთან მიმართებაში ფეხები მიწაზე უნდა შევინარჩუნოთ, მათ შეცდომების დაშვების უფლებაც უნდა მივცეთ, მაგრამ აქ ახალგაზრდები სწორად იზრდებიან.

საბა ბევრად დაიხვეწა, სწრაფად ვითარდება, მაგრამ არ მინდა მას დიდი პასუხისმგებლობა დავაკისრო, ბოლონიაში და დღეს საღამოს ვეტერანივით ითამაშა. სეზონი გრძელია და სათამაშო დრო ყველას ექნება, გოგლიჩიძე ამის დასტურია“, - თქვა დ’ავერსამ.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ სერია A-ში ბოლო ორი მატჩი ჩაატარა და თავი კარგი თამაშით გამოიჩინა. „ემპოლი“ ოთხ ტურში დაუმარცხებელია (6 ქულა), მომდევნო შეხვედრას კი, 20 სექტემბერს, სტუმრად „კალიარისთან“ ჩაატარებს.

0.112751