ფეხბურთი

4:15 | 11.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "სწორედ ასეთი თამაშები გვასწავლის, თუ რა გვაქვს გამოსასწორებელი"
"ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი ის საუბარი იყო, რომელიც შესვენებაზე ფეხბურთელებთან შედგა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უეფას ერთა ლიგის მეორე ტურში ალბანეთის ნაკრებთან მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა.

ფრანგმა სპეციალისტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და თამაში შეაფასა.

"ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი ის საუბარი იყო, რომელიც შესვენებაზე ფეხბურთელებთან შედგა. პირველი ტაიმში ბევრი რამ არ იყო კარგად, მაგრამ კარგი საუბარი გვქონდა მოთამაშეებთან. ვეცადეთ გამოგვესწორებინა შეცდომები და მეორე ტაიმში მეტი აგრესიით ვითამაშეთ. ეს გამარჯვება დავიმსახურეთ.

პირველ ტაიმში მიღებული დარტყმის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი მატჩი ძლიერი ტკივილით ითამაშა. სურდა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო მოედანზე. ის ძალიან კარგი მოთამაშე და შესანიშნავი გუნდური მოთამაშეა. ეს აჩვენებს გუნდში არსებული ატმოსფეროს. ბოლო 15-20 წუთში მეტი მოძრაობა გვჭირდებოდა. ამიტომ, თამაშში ზურიკო დავითაშვილი ჩაერთო და ეს ძალიან კარგად გააკეთა.

B ლიგაში ყველა თამაში რთულია. ოქტომბრის მატჩებამდე ოთხი კვირაა, ფეხბურთელები კლუბში ბრუნდებიან და მსურს, რომ მომდევნო თამაშებს ტრავმების გარეშე შევხვდეთ. თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ ოქტომბერში იგივე მიდგომა და გარემო გვქონდეს გუნდში. მხოლოდ ასე შევძლებთ წარმატებული თამაშის გაგრძელებს.

ქართველმა ფეხბურთელებმა ბევრი რამ ისწავლეს ევროპის ჩემპიონატზე. დღევანდელი შეხვედრა ჩეხეთთან მატჩთან შედარებით ბევრად რთული იყო. პირველი ტაიმი კარგი არ ყოფილა, თუმცა სწორედ ასეთი თამაშები გვასწავლის, თუ რა გვაქვს გამოსასწორებელი", - თქვა სანიოლმა.

საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და B დივიზიონის პირველ ჯგუფში ლიდერია. მომდევნო სანაკრებო პაუზა ოქტომბერში იქნება, საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, პოზნანში უკრაინას შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს, ბათუმში ალბანეთს უმასპინძლებს.

0.108403