ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელმა კრისტიან ასლანიმ ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. მან განაცხადა, რომ საქართველო მზარდი გუნდია და ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ითამაშონ.
„საქართველომ ჩეხეთთან ძალიან კარგად ითამაშა, მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია. საქართველო შესანიშნავი და მზარდი გუნდია. კარგად მოვემზადეთ, უკრაინასთან თამაში უნდა დავივიწყოთ და წინ ვიყუროთ, გვინდა, რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ.
საქართველოსთან ორი წლის წინ დებიუტი რომ მქონდა? ორი წელი გავატარე ეროვნულ ნაკრებში, რაც ძალიან კარგი იყო. მას შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ, ჩვენი კლასი გაიზარდა. თუმცა, ევრო 2024 უნდა დავივიწყოთ, ახლა ახალი მატჩებია და ძლიერ ჯგუფში ვართ.
საქართველო მზარდი გუნდია. კვარაცხელიას წინააღმდეგ მითამაშია, ის ძალიან ძლიერია, ორი წელია სერია A-ში ძალიან კარგად თამაშობს. მასთან ორი ფეხბურთელი უნდა ვიყოთ და ყურადღება მოვაქციოთ“, - თქვა ასლანიმ.
შეგახსენებთ, რომ ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.