ფეხბურთი

21:38 | 9.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

სილვინიო: "ნახავთ, რომ საქართველო ძლიერია, კვარაცხელიას გარდა, სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებიც ჰყავს"
"თუ არ გინახავთ, ნახავთ, რომ საქართველო ძალიან ორგანიზებული გუნდია"

ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

ბრაზილიელმა სპეციალისტმა ძალიან ვრცლად ისაუბრა მეტოქეზე, რომლის მიმართ კომპლიმენტები არ დაუშურებია:

„უკვე ვთქვი, რომ ეს ძალიან თანაბარი ჯგუფია, ყველაფერი მოხდება. უკრაინა ძლიერია, ჩეხეთი ძალიან ძლიერია, თუ ვინმეს არ გინახავთ, მოემზადეთ, ხვალ ნახავთ, რომ საქართველო ძალიან ორგანიზებული, ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკური გუნდია, რომლის უკან მწვრთნელის დიდი მუშაობა დგას. ჩემი აზრით, ყველა მწვრთნელი ემზადება მოსაგებად, ისინიც მოსაგებად ემზადებიან და ჩვენც, თუ არ გამოვა, შეიძლება მატჩი ფრედ დასრულდეს ან მარცხით. შესანიშნავი თამაში იქნება სავსე სტადიონზე, მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, ვიმეორებ, ორგანიზებული და რთული. გვინდა, რომ ხვალ კარგად ვითამაშოთ, რაც მნიშვნელოვანი იქნება.

რაც შეეხება წინა თამაშს, შეგიძლია 5 ცვლილება გააკეთო ან ორი, რამდენიც გინდა. გუნდი ძალიან კარგად თამაშობდა და ამიტომაც ორ ცვლილებაზე მეტი არ გავაკეთე. ხვალისთვის ჯერ კიდევ არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული შემადგენლობაზე, ძალიან ცოტა დრო იყო აღსადგენად, პრაღიდან დაბრუნების შემდეგ დღეს პირველად ვივარჯიშეთ, უნდა ვნახოთ, როგორ იქნებიან ფეხბურთელები, ხვალ დილით საუზმის შემდეგ სტაფთან და ფეხბურთელებთან გასაუბრების შედეგად მივიღებ გადაწყვეტილებას. ყველა ფეხბურთელს უნდა მოედანზე გასვლა, ეს პრობლემა არაა. ეს არის გუნდი, რომელიც მზადაა 4-3-3 ან 4-2-3-1 სქემით სათამაშოდ, 4-4-2-თაც, ფეხბურთელების თვისებები ამ სქემებს ერგებიან. ხვალ გადავწყვეტთ, გვაქვს 2-3 არჩევანი, გუნდმა კი, უკვე იცის, როგორ უნდა ვითამაშოთ.

ბურთით თუ უბურთოდ, ფეხბურთი უკვე ძალიან სწრაფი გახდა, როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. თუ სწრაფად არ ითამაშებ, მეტოქე მოგკლავს. ვიმეორებ, ხვალ ძალიან ორგანიზებულ გუნდს ვეთამაშებით, რომელიც კარგად უტევს, თავს კარგად იცავს, სტანდარტულებზეც სახიფათოა, შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს და მაგარი ევროპის ჩემპიონატიც ჰქონდა. ხვალ კარგი გუნდები ითამაშებენ, ჩვენც შეგვიძლია კარგად თამაში, მაგრამ მათაც ძალიან ორგანიზებული გუნდი ჰყავთ.

კვარაცხელია ნამდვილად დიდებული ფეხბურთელია, ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკურად ძალიან ძლიერი, ყველაფერი, რასაც ის მოედანზე აკეთებს, ძალიან მაღალი დონისაა, მაგრამ მის გარდა, საქართველოს 4-5 საოცარი ფეხბურთელი ჰყავს, გვარებს ვერ ვიტყვი, რადგან გამოთქმა გამიჭირდება (იღიმის - რედ), მაგრამ ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებსაც უკვე ერთი თვეა ვაკვირდები, შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, თავდამსხმელებიც, მცველებიც, ასევე ფლანგის მცველები, რომლებიც შეტევაში აქტიურად მიდიან. რაც შეეხება კვარაცხელიას, ცხადია, დიდი ფეხბურთელია, მაგრამ მისი მოედანზე ნახვა სასიამოვნოა. როცა პოლონეთს ვეთამაშეთ, მოედანზე ლევანდოვსკი და ჟელინსკი იყვნენ, რაც კარგია, ასევე ჩვენც გვყავს ახალგაზრდები, რომლებიც შეიძლება მომავალში ამ დონემდე მივიდნენ.

ვნახე საქართველოს ნაკრების მატჩები, ერთი თვეა უკრაინის და საქართველოს მატჩებზე ვმუშაობ. ვფიქრობ, ჯგუფში ოთხი ძლიერი ნაკრებია, მაგრამ საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა ამ გუნდებს შორის, მერვედფინალში ითამაშა. ეს არის ძალიან ორგანიზებული და ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდი, რომელსაც ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. ისინი ძალიან კარგად მუშაობენ, ვულოცავ მათ მწვრთნელს, ფეხბურთელებს, ფედერაციას. რა თქმა უნდა, ჩვენც კარგი გზა გავიარეთ, კარგი ევროპის ჩემპიონატი გვქონდა, გავიზარდეთ, გამოცდილება მივიღეთ და ხვალ შესანიშნავი თამაში იქნება სავსე სტადიონზე, რაც ჩვენთვის უპირატესობა იქნება. საქართველო ძლიერი გუნდია, ხვალ 90 წუთია და თანაბარი თამაში იქნება.

ახლა ახალი ციკლია, ყველაფერი არ იცვლება, ახლა უბრალოდ უნდა გავაუმჯობესოთ. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, ჩვენ ბევრ ფეხბურთელს ვაკვირდებით. ვნახოთ, მომწონს ფეხბურთელებს შორის კონკურენცია და საბოლოოდ, გუნდში ყოველთვის საუკეთესოები ხვდებიან.

ორი წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ორივე გუნდში, ხვალ ველოდები მძიმე და დაძაბულ თამაშს, რთულია შეადარო ხვალინდელი თამაში, იმასთან, რაც ორი წლის წინ იყო (მაშინ მატჩი 0:0 დასრულდა - რედ). საქართველოსთან თამაში მძიმეა, ჩვენ არ შეგვიძლია შედეგის კონტროლი, შეგვიძლია მუშაობა. მოვემზადეთ, რომ მოედანზე გავიდეთ და 90 წუთი კარგად ვითამაშოთ. შედეგის შესახებ ვერაფერს ვიტყვი. ვიცი, რომ კარგი თამაში იქნება, რადგან მათ კარგი გუნდი ჰყავთ, ისევე როგორც ჩვენ“, - თქვა სილვინიომ.

შეგახსენებთ, რომ ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. საქართველო ალბანეთს აქამდე 15-ჯერ შეხვდა, საიდანაც 8 მატჩი მოიგო, 3-ჯერ დამარცხდა, ხოლო 4 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.

0.118153