ფეხბურთი

21:22 | 8.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალბანეთი-საქართველოს მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

უეფას ერთა ლიგის მეორე ტურში ალბანეთი საქართველოს უმასპინძლებს და მატჩი ანშლაგით ჩაივლის, რადგან ყველა ბილეთი გაყიდულია.

როგორც ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, ბილეთები გაიყიდა და გულშემატკივარს მოუწოდეს, რომ ქართველი ფეხბურთელების მიმართ პატივისცემა გამოიჩინონ. ტირანას სტადიონი "აირ ალბანია" 23 ათასამდე გულშემატკივარს იტევს.

საქართველოს ნაკრები უკვე ტირანაშია, სადაც ხვალ მატჩამდე ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს, ასევე გაიმართება ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია, შეხვედრა კი, 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

საქართველო ალბანეთს აქამდე 15-ჯერ შეხვდა და უპირატესობა აქვს: 8 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება. ბოლოს ისინი 2022 წლის მარტში, ტირანაში შეხვდნენ, ამხანაგური მატჩი მაშინ უგოლოდ დასრულდა.

პირველი ტურის შემდეგ საქართველოსა და ალბანეთს 3-3 ქულა აქვთ და ჯგუფს ლიდერობენ. ვილი სანიოლის გუნდმა ჩეხეთს 4:1 მოუგო, ხოლო სილვინიოს გუნდმა უკრაინა დაამარცხა (2:1).

0.118943