ფეხბურთი

1:25 | 8.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ფეხბურთით ვცხოვრობ და მინდა, ეს ყველაფერი არ დამთავრდეს"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ჩეხეთთან მატჩის (4:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორ ითამაშებდა გუნდი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ და ერთგვარი გამოცდა შესანიშნავად ჩააბარეს.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო იმ წარმატების შემდეგ დღეს როგორ ვითამაშებდით, ცოტა მეშინოდა, რომ ზედმეტი თავდაჯერება გვექნებოდა, ქართულ ხასიათს გამოვავლენდით, რაღაც კარგის მერე აუცილებლად ვურევთ, თუმცა დღეს დავინახე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები და მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს.

დღეს სიახლე ის იყო, რომ კონტრშეტევებზე ძალიან, ძალიან მაგრები ვიყავით, მწვრთნელმაც კარგად მოარგო მეტოქეს დღევანდელი სისტემა. მართალი გითხრათ, გაკვირვებული ვარ ანგარიშით და ამ ჯგუფში ეს უკვე განაცხადია. თამაშში ვაჯობეთ, მაგრამ ამხელა სხვაობით არა, რა ანგარიშიც დაფიქსირდა, თუმცა შეტევაში ისეთი ხარისხი გვაქვს, რომ თითქმის ყველა მომენტი გამოვიყენეთ.

ჩემთვის საფეხბურთო ღმერთი არსებობს, რაც მივეცი ფეხბურთს, დამიბრუნა, ძალიან მიყვარს ფეხბურთი, მინდა, რომ არ დამთავრდეს, ყოველი წარმატების მერე ახალი წარმატება მინდა და მთელ ენერგიას ვდებ ფეხბურთში.

გულშემატკივარზე ზედმეტია საუბარი, ყველამ ვიცით, როგორ უყვართ ფეხბურთი და როგორ გვიჭერენ მხარს. თამაშის დროს მათ მხარდაჭერას ვგრძნობთ, მიხარია, რომ ასეთი გულშემატკივარი გვყავს“, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს და მეორე ტურში 10 სექტემბერს, სტუმრად ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.121135