ფეხბურთი

22:47 | 7.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი: "სტადიონის მუხტმა ჩვენზე დამთრგუნველად იმოქმედა"

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებთან მატჩის (1:4) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„თამაშს დადებითად რა თქმა უნდა, ვერ შევაფასებ. გულდაწყვეტილი და უკმაყოფილო ვარ. ვნერვიულობდით, თამაშის დროს ჩვენს ფეხბურთელებს უარყოფითი განწყობა ჰქონდათ. ქართველებმა ყველაფერში ბევრად გვაჯობეს. გავიმეორებ, რომ ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ვიმედოვნებ, რომ უკრაინასთან, როგორც თამაშის ხარისხი, ისე შედეგი უკეთესი იქნება და უფრო მეტად კონცენტრირებული ვიქნებით.

თამაშამდე კარგი ვარჯიშები გვქონდა. არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ გუნდი მზად არ იყო, მაგრამ თამაშიდან გამომდინარე, ჩემი მოლოდინი მცდარი გამოდგა. იმედია, უკრაინასთან მენტალურად უფრო მეტად ვიქნებით მზად.

რა თქმა უნდა, სტადიონის ემოციები იგრძნობოდა, ვიცოდით, რომ საქართველოს გულშემატკივრისგან დიდი მხარდაჭერა ექნებოდა. ეს მუხტი სტადიონზე იგრძნობოდა, რამაც ჩვენს ფეხბურთელებზე ცოტა დამთრგუნველად იმოქმედა.

ყველას აქვს უფლება გაგვაკრიტიკოს, რადგან საშინელი თამაში ვაჩვენეთ. საბაბი არ არსებობს, ჩვენ უარესები ვიყავით. მატჩის წინ ვთქვი, რომ ვინც პირველ გოლს გაიტანდა, უპირატესობა ექნებოდა. მეტოქის ყველა კონტრშეტევა სახიფათო იყო.

ყველაზე დიდი სხვაობა ფეხბურთელების სიჩქარეში იყო, ისინი კარის მიმართულებით თამაშობდნენ, ჩვენ ზურგით. მეორე ტაიმის პირველი 15 წუთი თამაშში საერთოდ არ ვიყავით, მეორე გოლის შემდეგ კი, გუნდი დანებდა.

ანალიზს ჩემს ასისტენტებთან ერთად გავაკეთებ, ვიცით, რომ თამაშს ვერ მოიგებ, თუ კარგად მხოლოდ საწყის 20 წუთს და ბოლო 10 წუთს ითამაშებ. ამ წუთში ფეხბურთელებთან ყვირილს აზრი არ აქვს, მოკლედ მქონდა საუბარი, მხოლოდ სამი დღე გვაქვს მომდევნო მატჩამდე და სხვაგვარად უნდა ვითამაშოთ“, - თქვა ჰაშეკმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს და მეორე ტურში 10 სექტემბერს, სტუმრად ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.121495