ფეხბურთი

17:45 | 6.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტომაშ სოუჩეკი: "კარგი თამაში იქნება, ჩვენი მიზანი გამარჯვებაა"

ჩეხეთის ნაკრების კაპიტანმა ტომაშ სოუჩეკმა ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და კომენტარი გააკეთა.

„ევროპის ჩემპიონატზე ძალიან მძიმე შეხვედრა იყო თავისი დადებითი მხარეებით. ხვალინდელი მატჩის მიმართ დადებითი მოლოდინი გვაქვს. არაჩვეულებრივი ატმოსფერო იქნება, სტადიონი შესანიშნავია, ვიცი, რომ ქართველები ფეხბურთის ფანატები არიან, ვიცი, რომ ბილეთები სწრაფად გაიყიდა. მოლოდინი მაქვს, რომ ძალიან კარგი თამაში იქნება.

ევროპის ჩემპიონატზე მოგების დიდი შანსი გვქონდა, მიუხედავად ამისა, ეს ფეხბურთია და ის შედეგი მივიღეთ, რაც მივიღეთ. საქართველოს ნაკრები კი, კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათო გუნდია. ჩვენს გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, მაქსიმალურად დავიხარჯებით, რომ წარმატებას მივაღწიოთ, მიზანი გამარჯვებაა. ახალი სტრატეგიული მიზნები გვაქვს დასახული. მამარდაშვილი ძალიან ძლიერი მეკარეა, მან ევროპის ჩემპიონატზეც წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები“, - თქვა სოუჩეკმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში გამოვა, სადაც ჯგუფში ჩეხეთს, ალბანეთს და უკრაინას გაეჯიბრება. ვილი სანიოლის გუნდი 7 სექტემბერს, თბილისში, "მიხეილ მესხზე" ჩეხეთს უმასპინძლებს, რომელსაც 22 ივნისს, ჰამბურგში, ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე დაუზავდა (1:1), ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება.

0.115635