ფეხბურთი

20:53 | 5.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "დასაბრუნებლად შესაფერისი დრო იყო, დარწმუნებული ვარ, სწორი არჩევანი გავაკეთე"
"მაქსიმუმს გავაკეთებ, როგორც ყველგან, სადაც ვიყავი და ვიცი, რომ ეს შედეგს გამოიღებს"

ფრანგულ მედიაში გიორგი მიქაუტაძის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც მთლიანად „ლიონის“ თემას დაეთმო.

23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ისაუბრა იმ ემოციებზე, რაც მშობლიურ კლუბში დაბრუნებით მიიღო.

„ვგრძნობდი, რომ დასაბრუნებლად შესაფერისი დრო იყო და დარწმუნებული ვარ, სწორი არჩევანი გავაკეთე. ბავშვობიდან მქონდა მიზანი, რომ „ლიონში“ პროფესიონალურ დონეზე მეთამაშა. ასე რომ, „ლიონში“ თამაში არის ყველაფერი, რაც მინდოდა. ჩემს თავს საზღვრებს არ ვუწესებ, მაღალი მიზნები მაქვს. იმიტომ, რომ აქ გავიზარდე, შეცდომის დაშვების მეტი უფლება არ მაქვს სხვებისგან განსხვავებით. მაქსიმუმს გავაკეთებ, როგორც ყველგან, სადაც ვიყავი და ვიცი, რომ ეს შედეგს გამოიღებს.

რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. ვიცი, რამდენად რთულია პროფესიონალი გახდე და ყველას არ შეუძლია წარმატების მიღწევა. მახსენდება ჩემი საუკეთესო მეგობარი ფუად ბაჩი, რომელიც ალბათ, ყველაზე ნიჭიერი ბიჭია, ვისთანაც მითამაშია, ალბანელია და „ლიონის“ აკადემიაში იყო, იქ იყვნენ, მაქს კაკერე, ამინ გუირი და სხვებიც, ახლა ბაჩი სამოყვარულო დონეზე გასართობად თამაშობს. ასე რომ, „ლიონთან“ კონტრაქტის გაფორმება დიდი წარმატებაა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. აქ მოსახვედრად ბევრი მსხვერპლი გავიღეთ.

ყოველთვის ყველა ვარიანტს განვიხილავდი. 15 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ „ლიონიდან“ გამიშვეს და მაშინ ჩემს თავს ვუთხარი: „არა უშავს, სხვა კლუბს ვიპოვით“. თავიდან ნამდვილად რთული იყო, მაგრამ როცა კარგ გარემოში ხარ და იცი, რისი გაკეთება გინდა ცხოვრებაში, ახერხებ ამ ტიპის მომენტების გადალახვას. ასე მოვხვდი „მეცში“, როცა 17 წლის გავხდი. ოჯახისგან შორს ყოფნა ადვილი არ იყო, მაგრამ ჩემი ერთადერთი მიზანი იყო პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი და სხვა გამოსავალი არ იყო.

შეიძლება მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ იმ დროს, როცა ლიონიდან გამიშვეს. ფიზიკურ გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. თუ ესპანეთში წახვალ, მხოლოდ თამაშს აქვს მნიშვნელობა, თუ ტექნიკური მოთამაშე ხარ, პოზიციას არჩევ და მოძრაობ, პრობლემა არ გექნება. „ლიონში“ შურისძიებისთვის არ დავბრუნებულვარ. მაშინ იმ ხალხმა, ვინც კლუბში მუშაობდა, არჩევანი გააკეთა, ხდება, ადამიანები ვართ, შეცდომებს ყველა ვუშვებთ. პირველ რიგში, იმაზე ვფიქრობ, რომ ამ მომენტმა მომცა საშუალება ისეთი ჩამოვყალიბებულიყავი, როგორიც დღეს ვარ.

დიახ, ისევ სახლში ვცხოვრობ, სასიამოვნოა, როცა ჩემს ძმასთან და დასთან ერთად ვსაუზმობ. თუმცა, ეს დროებითია, რადგან სახლს სტადიონთან ახლოს ვეძებ“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „ლიონს“ „მეციდან“ 18.5 მილიონ ევროდ დაუბრუნდა და ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით, სამი უგოლო მატჩი ჩაატარა.

0.118615