ჩეხეთის ნაკრების მცველმა რობინ გრანაჩმა საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა. უფრო კონკრეტულად მან გაიხსენა ევრო 2024-ზე საქართველოსთან შეხვედრა და ფიქრობს, რომ ჩეხეთს დიდი ანგარიშით უნდა მოეგო.
ჰრანაჩი 22 ივნისს, ჰამბურგში გამართულ მატჩში მოედანზე 90 წუთი იყო და პირველი ტაიმის მიწურულს სწორედ მის მიერ ხელით თამაშის გამო დაინიშნა პენალტი, რის შემდგომაც გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გახსნა.
„ვფიქრობ, ის მატჩი ცუდად არ გვითამაშია, უბრალოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა ის ფაქტორი, რომ რამდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. საგოლე მომენტები რომ გამოგვეყენებინა, ალბათ, 4:1 მოვიგებდით. 1:1 უსამართლო ანგარიში იყო, მაგრამ კარგად კარგად ვითამაშეთ. ახლა ისინი სახლში ითამაშებენ და სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება“, - თქვა ჰრანაჩმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში გამოვა, სადაც ჯგუფში ჩეხეთს, ალბანეთს და უკრაინას გაეჯიბრება. ვილი სანიოლის გუნდი 7 სექტემბერს, თბილისში, "მიხეილ მესხზე" ჩეხეთს უმასპინძლებს, რომელსაც 22 ივნისს, ჰამბურგში, ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე დაუზავდა (1:1), ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება.