ფეხბურთი

0:28 | 3.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარი კიტეიშვილი: "განწყობა ტრადიციულად კარგია, განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატის შემდეგ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეკრების დაწყების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, გუნდში განწყობა კარგია, ჩეხეთთან კი, ისეთივე რთულ თამაშს ელოდება, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე იყო.

"განწყობა, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგია. განსაკუთრებით, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. გვიხარია ისევ ერთად ყოფნა. ვემზადები ახალი ერთა ლიგისთვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვეცდებით, კარგ ფორმაში შევხვდეთ მოახლოებულ მატჩებს.

ჩეხეთის ნაკრები ძალიან რთული მეტოქე იყო ევროპის ჩემპიონატზე. ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ველოდებით ბევრ ორთაბრძოლას და ჩაწოდებებს მათი მხრიდან. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ალბანეთშიც ძალიან რთული შეხვედრა იქნება. მაქსიმალური მზადყოფნა იქნება საჭირო იმისთვის, რომ კარგი შედეგით დავასრულოთ ეს შეხვედრები.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, ვინც მთელი გულით იზიარებს იმ სიხარულს, რომელიც ქვეყანას მოვუტანეთ და გვერდში გვიდგას. ვეცდებით, რომ წარმატებული პერიოდი გავაგრძელოთ და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ გულშემატკივარს, რომ შეგვიძლია კარგი თამაშის ჩვენება და შედეგის მიღწევა", - თქვა კიტეიშვილმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში გამოვა, სადაც ჯგუფში ჩეხეთს, ალბანეთს და უკრაინას გაეჯიბრება. ვილი სანიოლის გუნდი 7 სექტემბერს, თბილისში, "მიხეილ მესხზე" ჩეხეთს უმასპინძლებს, რომელსაც 22 ივნისს, ჰამბურგში, ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე დაუზავდა (1:1), ხოლო 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებს ესტუმრება.

0.137075