„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „პარმასთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, შემადგენლობაში ვიქტორ ოსიმენის დაბრუნება არ იგეგმება, უფრო მეტიც, იტალიელი სპეციალისტი იმითაა უკმაყოფილო, რომ ნიგერიელი ვერ გაყიდეს.
„ყოველ მატჩში უნდა გავოფლიანდეთ და ვიზეიმოთ ყოველი გამარჯვება, რადგან არაფერია უმნიშვნელო. გარკვეული გზა გასავლელი გვაქვს, ეს ეჭვგარეშეა. თუ გავითვალისწინებთ, როგორ ჩავატარეთ ეს სამი ტჩი, კმაყოფილებისთვის ერთი მიზეზით მეტი გვაქვს. ძალიან ცოტა ფეხბურთელი გვყავდა, დღეს, სათადარიგო სკამზე არ მყავდა ნახევარმცველები და უნდა მელოცა, რომ არაფერი მომხდარიყო, რადგან ლობოტკას და ანგისას შეცვლა არ შემეძლო. აბსურდია, რომ სეზონი დავიწყეთ, სატრანსფერო ფანჯარა კი ღია იყო, იმედი მაქვს, რომ ეს წესი შეიცვლება, ამას საჩემოდ არ ვამბობ, არამედ ყველასთვის ასე უკეთესი იქნება.
რა თქმა უნდა, ოსიმენი რომ გაგვეყიდა, შემადგენლობას უფრო კარგად დავაკომპლექტებდით, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და მაინც კმაყოფილები ვართ. შემადგენლობას ჩამოშორებული ფეხბურთელებიდან არავინ დაგვიბრუნდება, ასეთი შემადგენლობა გვეყოლება, რაც ახლა გვყავს, არჩევანი გავაკეთეთ, ვინც პატივს არ სცემს წესებს, საჭირო არაა. ქუდს ვიხდი კლუბის წინაშე, პრეზიდენტმა თანმიმდევრულად იმოქმედა, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი ჰქონდა. კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ და ეს კლუბის მუშაობის დამსახურებაა“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ოთხ შეხვედრაში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს აქტივში. „ნაპოლის“ სამი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 15 სექტემბერს, სტუმრად „კალიარისთან“ გამართავს.