ფეხბურთი

22:32 | 31.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძის შესანიშნავი დებიუტი სერია A-ში
საბა საზონოვის დებიუტი "ემპოლიში" არ შედგა, ის სათადარიგო სკამზე იყო

იტალიის სერია A-ში საბა გოგლიჩიძის დებიუტი შედგა. ქართველი მცველი „ემპოლიმ“ ჯერ კიდევ იანვარში დაიმატა ქუთაისის „ტორპედოდან“, მაგრამ მას შემდეგ მხოლოდ სათადარიგო სკამზე იყო. თუმცა, მისი ჯერიც დადგა და დებიუტს თავი შესანიშნავად გაართვა.

„ემპოლი“ მესამე ტურში სტუმრად „ბოლონიას“ დაუზავდა (1:1). ორივე გოლი საწყის ოთხ წუთში გავიდა: ჯერ მასპინძლები დაწინაურდნენ მეორე წუთზე, ორიოდ წუთში კი, სტუმრებმა გაათანაბრეს. მერე არაფერი შეცვლილა.

გოგლიჩიძემ სამკაციან დაცვაში მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა და ძალიან კარგადაც. მან 7.1 ქულის შეფასება დაიმსახურა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება იყო ორივე გუნდში.

გოგლიჩიძე გახდა მეშვიდე ქართველი კახა კალაძის, ლევან მჭედლიძის, ხვიჩა კვარაცხელიას, ლუკა ლოჩოშვილის, გიორგი კვერნაძის და საბა საზონოვის შემდეგ, ვინც სერია A-ში ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ საზონოვის დებიუტი არ ყოფილა, ის სათადარიგო სკამზე იყო, მაგრამ თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია. საბა სულ მეორე დღეა, რაც ტოსკანურ კლუბშია და ჯერ ინტეგრაცია სჭირდება. სიტუაციიდან გამომდინარე ისე ჩანს, რომ საბა გოგლიჩიძე და საბა საზონოვი ერთმანეთის უშუალო კონკურენტები იქნებიან ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზე.

„ემპოლის“ სამი ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი, ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.

0.116876