ფეხბურთი

19:17 | 29.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "გაგვიმართლა, რომ კვარა გვყავს, მასში ყველაზე მეტად ერთი რამ მომწონს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „პარმასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვა თემებთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

როგორც კონტემ აღნიშნა, კვარაში ყველაზე მეტად გუნდურობა მოსწონს, ის ფაქტი, რომ ნიჭის მიუხედავად, ხვიჩა პირველ პლანზე გუნდის ინტერესებს აყენებს:

„კვარაზე პირველ რიგში იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან კარგი ბიჭია, რომელიც ძალიან პროფესიონალურად ვარჯიშობს და გაუმჯობესების სურვილი აქვს, ჩემი აზრით, სწორედ ეს არის მისი შემდგომი განვითარების საფუძველი. ვსაუბრობთ ბიჭზე, რომელიც ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, მთელი ცხოვრება წინ აქვს და შეუძლია ნამდვილად ძალიან დიდი ფეხბურთელი გახდეს. ცხადი გაუმჯობესების უნარები აქვს. ჩემი მხრივ, ვცდილობ, რომ ტაქტიკურად, რაც შეიძლება არაპროგნოზირებადი გავხადო, რადგან თუ მოედანზე ერთ ზონაში დავაყენებთ, საბოლოოდ, მეტოქეებიც წაიკითხავენ სიტუაციას, ორ ან სამ მეურვეს დაუყენებენ, რაც ხშირად მომხდარა, სამაგიეროდ, მას, პოლიტანოს, ნერეშს, ნგონგეს და იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ერთი-ერთზე კარგად თამაში შეუძლიათ, ვთხოვ, არა მარტო ფლანგზე, არამედ ცენტრშიც ითამაშონ, რათა თავიანთი თვისებები მაქსიმალურად გამოიყენონ. გაგვიმართლა, რომ გუნდში გვყავს.

ხვიჩას განვითარება შეუძლია, არა მხოლოდ ტექნიკურ-ტაქტიკურად, არამედ მენტალურად. ის უკვე ძალიან ძლიერია, იცით მასზე რა წარმოდგენაც მაქვს, მაგრამ მასში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ნიჭის მიუხედავად, პირველ ადგილზე გუნდის ინტერესებს აყენებს. ჩემთვის სწორედ ესაა მთავარი, რომ ფეხბურთელი ჯერ გუნდის განკარგულებაში იყოს, ამის შემდეგ მოდის ნიჭი და ტალანტი“, - აღნიშნა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში სამ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი მიითვალა. „ნაპოლის“ ორ ტურში სამი ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს, „პარმასთან“ ჩაატარებს.

0.118435