ფეხბურთი

1:07 | 29.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია კარიერაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს!
"სლოვანმა" "მიდტიულანდს" დრამატულ ბრძოლაში აჯობა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი დასრულდა და ძირითადი ბადის ყველა მონაწილე გაირკვა.

ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში პირველად ითამაშებს გურამ კაშია, 37 წლის ასაკში! ბრატისლავის „სლოვანი“ ერთადერთი გუნდი იყო პლეი-ოფში, რომელმაც ტურნირზე გამოსვლა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და მთავარ ბადეში მოხვედრაც შეძლო!

„სლოვანმა“ დანიის ჩემპიონ „მიდტიულანდს“ აჯობა. პირველი მატჩი დანიაში 1:1 დასრულდა, ბრატისლავაში კი, მასპინძლებმა 3:2 მოიგეს. თამაში ძალიან დრამატული გამოდგა. 33-ე წუთზე მარკო ტოლიჩმა „სლოვანი“ ძალიან ლამაზი გოლით დააწინაურა, მაგრამ ამის შემდეგ დანიელები უკეთ ათამაშადნენ. ტაიმის მიწურულს შიმშირმა გაათანაბრა, ხოლო მეორე ნახევრის სტარტზე ფრანკულინომ შეძლო „მიდტიულანდის“ წინ გაყვანა.

„სლოვანს“ გაუჭირდა რთული მდგომარეობიდან გამოსვლა, მაგრამ 82-ე წუთზე მარკო ტოლიჩმა წონასწორობა აღადგინა, ისევ ცაციათი, ამჯერად შორი მანძილიდან ძალიან მაგრად დაარტყა. 85-ე წუთზე დანიელებს შეეძლოთ წინ გასვლა, მაგრამ „სლოვანი“ მეკარემ იხსნა. საპასუხო იერიშში კი, ტიგრან ბარსეგიანმა საჯარიმოს მისადგომებიდან მარცხენა ფეხით უძლიერესად და უზუსტესად დაარტყა - 3:2.

ამრიგად, ვლადიმირ ვაისის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, სადაც სულ მცირე 8 შეხვედრას ევროპული ფეხბურთის გამორჩეულ გუნდებთან ჩაატარებს, ოთხს შინ და ოთხს - სტუმრად. გურამ კაშია? გურამი 37 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩემპიონთა ლიგასაც გაუსინჯავს გემოს.

"სლოვანი" პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე, ვლადიმირ ვაისი - არა. მან 2005 წელს, "პეტრჟალკა" (იგივე "არტმედია") გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, რაც ძალიან დიდი სენსაცია იყო. ვაისს აქამდე "სლოვანშიც" დიდი წარმატება ჰქონდა, როცა 2012 წელს ევროპა ლიგის ჯგუფში გაიყვანა, პლეი-ოფში "რომას" დამარცხებით.

დღესვე, ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა ზაგრების „დინამო“, რომელმაც „ყარაბაღს“ სტუმრად 2:0 აჯობა და ორი მატჩის ჯამში 5:0 გაიმარჯვა. ბელგრადის „ცრვენა ზვეზდამ“ სტუმრად „ბოდო გლიმტთან“ 1:2 წააგო ერთი კვირის წინ, მაგრამ შინ 2:0 სძლია და ორი მატჩის ჯამში 3:2 მოიგო. ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა ფრანგულმა „ლილმა“, რომელიც პრაღის „სლავიასთან“ 1:2 კი დამარცხდა, მაგრამ შინ 2:0 ჰქონდა მოგებული.

ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში სამ ქართველ ფეხბურთელს ვიხილავთ - გურამ კაშია (სლოვანი), ირაკლი აზაროვი (შახტარი) და ოთარ კიტეიშვილი (შტურმი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111024