ჩემპიონთა ლიგის 36-ვე მონაწილე გაირკვა, ტურნირის, რომელიც ამ სეზონში ახალი ფორმატით ჩატარდება.
მოგეხსენებათ, აქამდე ჩემპიონთა ლიგაზე 32 გუნდი თამაშობდა, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში ნაწილდებოდნენ, შემდეგ კი, ორ-ორი საუკეთესო მერვედფინალიდან აგრძელებდა ბრძოლას. ახლა, ასე აღარ იქნება.
36 გუნდს ერთიანი სატურნირო ცხრილი ექნება, თუმცა ყველა ერთმანეთს არ შეხვდება. იქნება სულ რვა ტური, თითოეულ გუნდს მოუწევს 8 მეტოქესთან თამაში, საიდანაც 4 შეხვედრას შინ გამართავს, ოთხსაც სტუმრად (თუ ადრე ჯგუფში ერთ გუნდს შინ და სტუმრად ეთამაშებოდა გუნდი, ახლა ასე არ იქნება. მაგალითად, რეალი შეიძლება შეხვდეს ლევერკუზენს შინ, მაგრამ სტუმრად არა, ხოლო არსენალს სტუმრად დაუპირისპირდეს და შინ - არა).
8 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 8 საუკეთესო გუნდი პირდაპირ მოიპოვებს მერვედფინალის საგზურს, ხოლო 25-დან 36-ე ადგილზე გასული გუნდები, არათუ ჩემპიონთა ლიგას, არამედ, ევროტურნირებს დაემშვიდობებიან და ევროპა ლიგაზეც ვერ გადავლენ.
მე-9-დან 24-ე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფში გავლენ, სადაც ორრაუნდიან შეხვედრაში იბრძოლებენ მერვედფინალის საგზურისთვის. მე-9-დან მე-16 ადგილზე გასული გუნდები წილისყრისას განთესილები იქნებიან (ხოლო დანარჩენები განუთესავები), რის გამოც პლეი-ოფის ორრაუნდიან ბრძოლაში პირველ მატჩს შინ ჩაატარებენ.
რაც შეეხება ე.წ. ჯგუფური ეტაპის წილისყრას, 36 გუნდი ოთხ კალათაშია განაწილებული. ერთადერთი შეზღუდვაა: ერთი ქვეყნის გუნდები ამ ეტაპზე ერთმანეთს ვერ შეხვდებიან, სამაგიეროდ, ერთი კალათის გუნდების დაპირისპირება დაშვებულია (ადრე ასე არ იყო). მაგალითად, „რეალი“ და „სიტი“ პირველ კალათაში არიან, მაგრამ ერთმანეთს შეიძლება შეხვდნენ. ერთ გუნდს, თითოეული კალათიდან ორ-ორ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება, ჯამში 8 გუნდთან. მერდვეფინალური ეტაპიდან შეჯიბრი უკვე ჩვეულებრივ, ძველი სისტემით გაგრძელდება.
ჩემპიონთა ლიგაზე სამი ქართველი ფეხბურთელის კლუბი ითამაშებს: ირაკლი აზაროვის „შახტარი“, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ და გურამ კაშიას "სლოვანი". ცხადია, ჯერ ამ სიაში „ლივერპულს“ ვერ შევიყვანთ, რადგან გიორგი მამარდაშვილი ამ სეზონს „ვალენსიაში“ დაასრულებს.
I კალათა
რეალი (ესპანეთი), მანჩესტერ სიტი (ინგლისი), ბაიერნი (გერმანია), პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი), ლივერპული (ინგლისი), ინტერი (იტალია), დორტმუნდი (გერმანია), ლაიფციგი (გერმანია), ბარსელონა (ესპანეთი)
II კალათა
ლევერკუზენი (გერმანია), ატლეტიკო (ესპანეთი), ატალანტა (იტალია), იუვენტუსი (იტალია), ბენფიკა (პორტუგალია), არსენალი (ინგლისი), ბრიუგე (ბელგია), შახტარი (უკრაინა), მილანი (იტალია)
III კალათა
ფეიენოორდი (ნიდერლანდები), სპორტინგი (პორტუგალია), პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები), დინამო ზაგრები (ხორვატია), ზალცბურგი (ავსტრია), ლილი (საფრანგეთი), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), იანგ ბოიზი (შვეიცარია), სელტიკი (შოტლანდია)
IV კალათა
სლოვანი (სლოვაკეთი), მონაკო (საფრანგეთი), სპარტა (ჩეხეთი), ასტონ ვილა (ინგლისი), ბოლონია (იტალია), ჟირონა (ესპანეთი), შტუტგარტი (გერმანია), შტურმი (ავსტრია), ბრესტი (საფრანგეთი)
ჩემპიონთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის გრაფიკი
I ტური
17-18-19 სექტემბერი
II ტური
1-2 ოქტომბერი
III ტური
22-23 ოქტომბერი
IV ტური
5-6 ნოემბერი
V ტური
26-27 ნოემბერი
VI ტური
10-11 დეკემბერი
VII ტური
21-22 იანვარი
VIII ტური
29 იანვარი
პლეი-ოფის ფაზა
11-12 და 18-19 თებერვალი
მერვედფინალი
4-5 და 11-12 მარტი
მეოთხედფინალი
8-9 და 15-16 აპრილი
ნახევარფინალი
29-30 აპრილი და 6-7 მაისი
ფინალი
31 მაისი (მიუნხენი, ალიანს არენა)
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 29 აგვისტოს, მონაკოში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.