ფეხბურთი

17:54 | 28.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე "ლივერპულში" გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს გამოეხმაურა

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი, შოთა არველაძე, „ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს გამოეხმაურა:

„გიორგი მამარდაშვილს ვულოცავ უდიდეს კლუბში ტრანსფერს და მიხარია, რომ მისი პროფესიონალიზმი და შრომა სათანადოდ დაფასდა. მოზარდი ფეხბურთელისთვის ოცნებები უცვლელია. ყველა ოცნებობს დიდ გუნდში მოხვედრაზე, ისე როგორც ათწლეულების წინ იყო ჩვენი და შემდგომი თაობების შემთხვევაში.

მამარდამ, თავისი გამორჩეული უნარებით დაიმსახურა, რომ ლივერპულის დონის კლუბში მოხვედრილიყო. ჩვენი საზომით, ქართველი მეკარის ამ კალიბრის გუნდში წასვლა კოსმოსში გაფრენას ჰგავს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზეც დამტკიცდა, რომ ამ თაობის საზომი სწორედ ასეთ სიმაღლეებზე ფრენაა. წარმატებებს ვუსურვებ მას კარიერის ახალ ეტაპზე, მანამდე კი ვალენსიაში, გამორჩეულ მატჩებს ველოდებით“, - დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.

გიორგი მამარდაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, „ვალენსიამდე“ კი, იჯარით „რუსთავსა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 2021 წლიდან დღემდე 21 მატჩი ჩაატარა. 2021 წლის ზაფხულში ის „ვალენსიაში“ იჯარით გადავიდა, 6 თვის შემდეგ კი, ის მილიონ ევროზე ნაკლებად გამოისყიდეს. დღემდე ესპანურ გუნდში ქართველმა მეკარემ 102 თამაში ჩაატარა. გიორგი „ვალენსიაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება და „ლივერპულს“ 2025 წელს შეუერთდება.

პრემიერლიგაში სხვადასხვა დროს ქართველებიდან გიორგი ქინქლაძეს, თემურ ქეცბაიას, მიხეილ ყაველაშვილს, რატი ალექსიძეს და ზურაბ ხიზანიშვილს უთამაშიათ. ინგლისურ კლუბებში სხვა ქართველებიც ყოფილან და ახლაც არის, გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“, მაგრამ პრემიერლიგაში ზემოხსენებული ფეხბურთელების გარდა არავის უთამაშია.

0.128739