ფეხბურთი

1:01 | 28.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილის წითელი ბარათი თამაშის დასრულების შემდეგ, ჩაკვეტაძის "უოტფორდი" თასის 1/16-ფინალში გავიდა

იტალიის სერია B-ს მესამე ტურში „კრემონეზემ“ საკუთარ მოედანზე „პალერმოსთან“ 0:1 წააგო, ლუკა ლოჩოშვილმა კი მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა.

ქართველი მცველი ამჯერად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში და მოედანზე 90 წუთი იყო, თუმცა გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. ერთადერთი გოლი ლორენცო ინსინიეს ძმამ, რობერტო ინსინიემ 76-ე წუთზე გაიტანა. „კრემონეზეს“ სამ ტურში 3 ქულით მე-15 ადგილი უკავია, მომდევნო ტურში კი, 31 აგვისტოს, „სასუოლოს“ ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ ლოჩოშვილმა მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ არბიტრთან კამათის გამო წითელი ბარათი მიიღო, შესაბამისად, ლუკა "სასუოლოსთან" დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.

„ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე „მოდენას“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა - 1:1. მასპინძლები იგებდნენ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გაუშვეს. გიორგი კვერნაძემ 68-ე წუთიდან ითამაშა. „ფროზინონეს“ სამ ტურში მხოლოდ ორი ქულა აქვს და მე-18 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი პირველ სექტემბერს, „იუვე სტაბიასთან“ გამართავს.

„უოტფორდმა“ ინგლისის ლიგის თასის 1/32-ფინალში „პლიმუთი“ ადვილად, 2:0 დაამარცხა და 1/16-ფინალში გავიდა. გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში არ იყო, ის უბრალოდ დაასვენეს და არაფერი აწუხებს.

0.112833