სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:12 | 27.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლივერპულმა" გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი დაადასტურა

ახლა უკვე ოფიციალურად: გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ ფეხბურთელია! 23 წლის ქართველმა მეკარემ სამედიცინო შემოწმება ვალენსიის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა, რის შემდგომაც კონტრაქტს ხელი მოაწერა.

მამარდაშვილმა „ლივერპულთან“ 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო „ვალენსიამ“ 30 მილიონი ევრო მიიღო, რასაც 5 მილიონი ბონუსად დაემატება. გარდა ამისა, მომდევნო ტრანსფერიდან თანხის 10%-ს ესპანური კლუბი მიიღებს.

თავის მხრივ, რადგან ასეთი შეთანხმება „ვალენსიას“ კონტრაქტშიც იყო, ტრანსფერის 10% „დინამო თბილისისაა“, რომელიც შესაბამისად, 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.

მამარდაშვილი მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „ვალენსიაში“ დარჩება, რადგან „ლივერპულში“ ალისონის პოზიცია ჯერჯერობით ურყევია. ბრაზილიელ მეკარეს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და როგორც თვითონ თქვა, მის ამოწურვამდე წასვლას არ აპირებს. თუმცა, მომდევნო ზაფხულამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში, გიორგი „ლივერპულის“ საკუთრებაა, ამ სეზონს კი, „ვალენსიაში“ დაასრულებს. დანარჩენი გაისად გაირკვევა.

35 მილიონი ევრო აქამდე არც ერთ ქართველ ფეხბურთელში გადაუხდიათ, ასე რომ, ეს ქართველებში სარეკორდო ტრანსფერია. მამარდაშვილი „ლივერპულის“ ისტორიაში პირველი ქართველია და მიმდინარე ზაფხულს მერსისაიდული გრანდის პირველი შენაძენია.

გიორგი მამარდაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, „ვალენსიამდე“ კი, იჯარით „რუსთავსა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ თამაშობდა, ხოლო საქართველოს ნაკრებში 2021 წლიდან დღემდე 21 მატჩი ჩაატარა. 2021 წლის ზაფხულში ის „ვალენსიაში“ იჯარით გადავიდა, 6 თვის შემდეგ კი, ის მილიონ ევროზე ნაკლებად გამოისყიდეს. დღემდე ესპანურ გუნდში ქართველმა მეკარემ 102 თამაში ჩაატარა.

პრემიერლიგაში სხვადასხვა დროს ქართველებიდან გიორგი ქინქლაძეს, თემურ ქეცბაიას, მიხეილ ყაველაშვილს, რატი ალექსიძეს და ზურაბ ხიზანიშვილს უთამაშიათ. ინგლისურ კლუბებში სხვა ქართველებიც ყოფილან და ახლაც არის, გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“, მაგრამ პრემიერლიგაში ზემოხსენებული ფეხბურთელების გარდა არავის უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118238