ფეხბურთი

0:50 | 26.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

კვარაშოუ: ხვიჩას პირველი გაბრწყინება ახალ სეზონში

იტალიის სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ბოლონია“ 3:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი, გოლი გაიტანა, საგოლე პასიც გააკეთა.

მოკლედ, კვარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად. კვარას შეჩერება „ბოლონიას“ მცველებისთვის შეუძლებელი ამოცანა იყო.

ხვიჩას პირველ ტაიმში შეეძლო გატანა, როცა თავური დარტყმის მერე ხელი ხარიხამ შეუშალა. სამაგიეროდ, 45-ე წუთზე ისეთი საგოლე პასი გააკეთა, ბარე-ორ გოლს რომ სჯობს - მეტოქის დაცვას ერთი შეხებით გადაავლო ბურთი თავზე და ჯოვანი დი ლორენცომ ულამაზესი, ძალიან მაღალი კლასის პასი დაუფასა - 1:0. ეს ნეაპოლელთა პირველი გოლი იყო სეზონში, გოლი, რომელიც მან ახალშობილ შვილს მიუძღვნა, რასაც ყველა ელოდა.


75-ე წუთზე ხვიჩა მეტოქის კარისკენ მოედნის ცენტრიდან დაიძრა და საჯარიმოს მისადგომებით დარტყმით გაიტანა - 2:0. მატჩის ბედიც გადაწყდა, რაშიც 23 წლის ქართველი ფეხბურთელის უდიდესი წვლილია. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჯოვანი სიმეონემ სხვაობა სამამდე გაზარდა, სხვათა შორის, ეს შეტევაც კვარამ დაიწყო.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში სამ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი მიითვალა. „ნაპოლის“ ორ ტურში სამი ქულა აქვს, ხოლო მომდევნო მატჩს 31 აგვისტოს, „პარმასთან“ ჩაატარებს.

„ნაპოლი“ – „ბოლონია“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 დი ლორენცო (45), 2:0 კვარაცხელია (75), 3:0 სიმეონე (90)

0.124142