ფეხბურთი

21:04 | 24.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძემ შეცვლაზე ითამაშა, "ლიონი" "მონაკოსთან" დამარცხდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში „ლიონი“ „მონაკოს“ დაუპირისპირდა და საკუთარ მოედანზე უშანსოდ, 0:2 დამარცხდა.

მონეგასკები მთელი თამაშის განმავლობაში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებულად მოიგეს ბენ სეგირის და ლამინე კამარას გოლებით.

გიორგი მიქაუტაძე არ იყო ძირითად შემადგენლობაში, რადგან მისი ადგილი დაბრუნებულმა ალექსანდრ ლაკაზეტმა დაიკავა. თუმცა, მე-17 წუთზე ერნესტ ნუამა დაშავდა და ქართველს თამაშში ჩართვა მოუწია, მაგრამ მან გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა, „ლიონს“ რეალური საგოლე მომენტიც არ ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძეს არ უთამაშია ფორვარდის პოზიციაზე, ჯერ მარჯვენა ფლანგზე იყო, მერე მარცხენა ფლანგზე. იგივე, რაც „აიაქსში“ ხდებოდა... „ლიონი“ ლიგა 1-ის მესამე ტურში 30 აგვისტოს, „სტრასბურს“ უმასპინძლებს.

დღესვე, ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მეორე ტურში „გრანადამ“ სტუმრად „ფეროლი“ 1:0 დაამარცხა. გიორგი წიტაიშვილი 71-ე წუთამდე იყო მინდორზე, ხოლო მისმა გუნდმა გოლი 82-ე წუთზე გაიტანა. „გრანადას“ ორ ტურში სამი ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „უესკასთან“ გამართავს.

0.114598