ტურინის „იუვენტუსმა“ რამდენიმე საათის ინტერვალით ორი ტრანსფერი შეათანხმა - „ფიორენტინადან“ ნიკო გონსალესის და „პორტუდან“ ფრანსისკო კონსეისაოს.
აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელი ერთ პოზიციაზე თამაშობს და მარჯვენა გარემარბია.
გონსალესი „იუვენტუსს“ 37 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება და 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო 21 წლის კონსეისაო „პორტუდან“ იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის უფლების გარეშე დაემატება, იჯარის საფასური კი 7 მილიონი ევროა. ორივეს სამედიცინო შემოწმებაზე ტურინში კვირას ელოდებიან.
გასულ სეზონში სერჟიო კონსეისაოს შვილმა „პორტუში“ 5 გოლი გაიტანა, იყო ევროპის ჩემპიონატზეც, სადაც ჩეხეთის ნაკრების კარში გამარჯვების გოლის ავტორი გახდა.
ნიკო გონსალესმა კარიერა „არგენტინოს ხუნიორსში“ დაიწყო, შემდეგ „შტუტგარტში“ თამაშობდა, ხოლო 2021 წლიდან „ფიორენტინას“ მაისურით 125 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა. არგენტინის ნაკრებში მას 39 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.
გარდა ამისა, "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს "ატალანტადან" ტეუნ კოპმაინერსის და "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერებზეც.