მიმდინარე წელს, მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციამ ‘ფიდე’ თავისი დაარსების 100 წლის იუბილე აღნიშნა და მთელ მსოფლიოში ‘ფიდე-100’ ეგიდით მრავალი საჭადრაკო ღონისძიება გაიმართა.
მსოფლიოს საჭადრაკო ფედერაცია 100 წლის წინ პარიზში დაარსდა და სიმბოლურია, რომ იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება, 20 ივლისს, სწორედ საფრანგეთის დედაქალაქში ჩატარდა, ქალაქის მმართველობის მხარდაჭერით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სიმბოლური გახლდათ ამ დღეს ანთებული საჭადრაკო ოლიმპიური ცეცხლი, რომელმაც მთელ მსოფლიოში იმოგზაურა და თბილისსაც ეწვია.
თბილისში, ოლიმპიური ცეხლის დანთებას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის ნონა გაფრინდაშვილის, მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ‘ფიდე’ პრეზიდენტის, არკადი დვორკოვიჩის, ფიდეს განსაკუთრებულ საქმეთა დირექტორის, აკაკი იაშვილის, მრავალი საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულის, ნანა ალექსანდრიას და მსოფლიო ქალთა გრან პრის მონაწილეების დასწრებამ.
ოლიმპიური ცეცხლის დანთების საპატიო მისია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა და ფიდეს განსაკუთრებულ საქმეთა დირექტორმა, აკაკი იაშვილმა შეასრულა.
ღონისძიების ფარგლებში ჭადრაკის ლეგენდამ, ფიდეს პრეზიდენტმა და გრან პრის მონაწილეებმა, ერთმანეთში მეგობრული მატჩიც გამართეს, რომელიც მეგობრული შედეგით - ყაიმით დასრულდა.
ღონისძიების დასასრულს სასიამოვნო სიურპრიზი მონაწილეებისათვის ულამაზესი, საჭადრაკო ტორტი, რომელიც საპატიო სტუმრებმა ერთად გაჭრეს.
სოფო ნიკოლაძე