ფეხბურთი

11:09 | 22.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსის“ მწვრთნელმა მარესკამ სტერლინგისა და ჩილუელის განაცხადში არყოფნაზე ისაუბრა

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ რაჰიმ სტერლინგსა და ბენჯამინ ჩილუელზე ისაუბრა. ორივე ფეხბურთელი ვერ მოხვდა ლონდონური კლუბის განაცხადში კონფერენს ლიგის ფლეი ოფის რაუნდის მატჩში შვეიცარიული „სერვეტის“ წინააღმდეგ. შეხვედრა დღეს, 22 აგვისტოს გაიმართება „სტემფორდ ბრიჯზე“ და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

ერთი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ინგლისელები განაცხადს მიღმა რჩებიან.

„ცალ-ცალკე ვარჯიშობენ. სიტუაცია ორივესთან სრულიად ნათელია. ჩვენ ფართო შემადგენლობა გვყავს და შეუძლებელია ყველას სათამაშო წუთები მივცეთ. თუ ისინი წუთებს ეძებენ, უნდა წავიდნენ.

ვცდილობ გულწრფელი ვიყო. რაჰიმს „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ ველაპარაკე. ვუთხარი, რომ მას გაუჭირდებოდა ჩვენთან სათამაშო წუთების მიღება და ეს იყო მისი არყოფნის მიზეზი. არ ვამბობ, რომ რაჰიმი ცუდი მოთამაშეა, მაგრამ მე სხვა გარემარბი მირჩევნია.

ბენი კარგი ბიჭია, მაგრამ ვუთხარი, რომ მის პოზიციაზე რთული იქნებოდა ადგილის დამკვიდრება. ეს არ არის სასტიკი, უბრალოდ პატიოსნური მიდგომაა“, - ციტირებს ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი მარესკას სიტყვებს სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი).

მარესკა ლონდონური გუნდის მთავარი მწვრთნელი 2024 წლის ზაფხულში გახდა. „არისტოკრატებს“ ერთ-ერთი ყველაზე ფართო შემადგენლობა ჰყავთ ევროპულ ფეხბურთში. Transfermarkt-ის ინფორმაციით, „ჩელსის“ განაცხადში 41 მოთამაშეა.

0.119138