ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ოთხი მატჩი გაიმართა, რომელთაგანაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესო გურამ კაშიას „სლოვანის“ შეხვედრა გახლდათ.
სლოვაკეთის ჩემპიონი დანიაში „მიდტიულანდს“ ესტუმრა და საკმაოდ სასურველ შედეგს მიაღწია - 1:1. ვლადიმირ ვაისის გუნდი წყვილში აუტსაიდერად მიიჩნევა, მაგრამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მოგებასთანაც ახლოს იყო.
„სლოვანი“ 59-ე წუთზე სესარ ბლექმენმა დააწინაურა და სტუმრები სრულიად დამსახურებულად გავიდნენ წინ, რადგან მანამდე ჰქონდათ კარგი მომენტები. დანიელებმა 20 წუთში გაათანაბრეს ედვარდ შიფულიას გოლით და მერე არაფერი შეცვლილა.
გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული იყო. აღსანიშნავია, რომ საგოლე შეტევაც მან წამოიწყო. საპასუხო მატჩ ერთ კვირაში ბრატისლავაში გაიმართება და ახლოსაა კაშია კარიერის მიწურულს ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშოს. აღსანიშნავია, რომ „სლოვანი“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც გამოსვლა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო და ტურნირს შემორჩა.
ავსტრიულმა „ზალცბურგმა“ სტუმრად კიევის „დინამო“ 2:0 დაამარცხა და დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ. ყოველ შემთხვევაში, ავსტრიელებმა ძალიან კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.
იგივე ითქმის პრაღის „სპარტაზე“, რომელმაც შვედეთში „მალმიო“ 2:0 დაამარცხა და ამ დიდ უპირატესობას პრაღაში თუ არ გაანიავებს, ჩემპიონთა ლიგაზე „სპარტას“ ვიხილავთ. ძალზე საინტერესო გამოდგა „იანგ ბოიზის“ და „გალათასარაის“ დაპირისპირება, რომელშიც შვეიცარიელები 2:0-ს იგებდნენ, მერე შეცვლაზე შესულმა მიჩი ბატშუაიმ დუბლი გაიფორმა და წონასწორობა აღადგინა, რისთვის მას მოედანზე გატარებული 6 წუთი ეყო, თუმცა, ბერნის გუნდმა ბოლოს მესამე გოლი შეაგდო და 3:2 მოიგო. შვეიცარიულმა გუნდმა მცირე უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ცხადია, ყველაფერი სტამბოლში გადაწყდება.