ურუგვაის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის რეპეშაჟში, რუსეთი ორი მატჩის ჯამში 57:49 დაამარცხა და გახდა ბოლო, მეოცე გუნდი, რომელიც ინგლისში გაემგზავრება.
რუსებმა ორი კვირის წინათ კრასნოიარსკში ერთქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (22:21) და ის ურუგვაიში გამართული მატჩის პირველ ტაიმში გაზარდეს, მაგრამ მეორე ნახევრის 20 წუთში სამი ლელო გაუშვეს, საბოლოოდ 27:36 დამარცხდნენ და მაყურებლის რანგში დარჩნენ.
ამრიგად, 1999 და 2003 წლების შემდეგ, სამხრეთამერიკელებმა მესამედ მოიპოვეს მსოფლიო თასის საგზური და ინგლისში, A ჯგუფში - ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ინგლისის ნაკრებებთან ითამაშებენ.
თამაში სასიამოვნო ამინდში გაიმართა და მონტევიდეოს სტადიონის ტრიბუნებზე ურუგვაის რაგბის ისტორიაში სარეკორდო - 14 ათასი მაყურებელი შეიკრიბა. მათ შორის იყო ქვეყნის პრეზიდენტი ხოსე მუხიკა, რომელიც საკუთარი ქვეყნის შვილებს მხურვალედ ქომაგობდა და საფინალო სასტვენის შემდეგ ყველასთან ერთად მოილხინა.
“მსოფლიო თასის საგზური მოვიპოვეთ. ამისათვის მთელი ოთხი წელი მუხლჩაუხრელად ვშრომობდით და ზუსტად ვიცოდით, რაც გვინდოდა. ეს უდიდესი დღეა ჩვენი რაგბის ისტორიაში და ახლა შეგვიძლია დავტკბეთ მსოფლიო თასზე მონაწილეობით” - განაცხადა ნამატჩევს ურუგვაელთა მთავარმა მწვრთნელმა პაბლო ლემუანმა, აგუსტინ ორმაეჩეამ კი დაამატა: “გაისად ინგლისში გავემგზავრებით და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტურნირში მონაწილეობით დავტკბებით. ამაზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდით და ახლა, როდესაც მიზანს მივაღწიეთ, ენით აუწერელი შეგრძნება გვაქვს. დღეს საღამოს მაგრად მოვილხენთ და სამომავლო გეგმებზე მხოლოდ ხვალიდან დავფიქრდებით. ჩვენ მსოფლიო თასზე მივდივართ!”
...ურუგვაელთა შერკინება პირველი მატჩის მსგავსად დომინირებდა და მასპინძლები ამ უპირატესობის გამოყენებას ცდილობდნენ. პირველ ტაიმში ფელიპე ბერჩესიმ 4 ჯარიმა გაიტანა, მაგრამ მას არც იური კუშნარიოვი ჩამორჩა და 4 ზუსტი დარტყმა განახორციელა.
შერკინებაში ჩავარდნის გამო ანდრეი იგრეცოვი სინბინით რომ დაისაჯა, კაცნაკლულმა რუსებმა ერთი ჯარიმა სწორედ მაშინ გაიტანეს (12:12). მოლში ჯარიმის შესრულების უფლება რომ მიიღეს, კარში დარტყმის ნაცვლად ბურთი სწრაფად გაითამაშეს და ალექსანდრ იანუშკინმა ლელო გაიტანა. კუშნარიოვს გარდასახვა გაუცუდდა, მაგრამ არც ბერჩესის ჯარიმა იყო ზუსტი და ტაიმი 17:12 დასრულდა, სტუმართა სასარგებლოდ.
მეორე ტაიმი ორმხრივი იერიშებით დაიწყო, თუმცა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა რუსების მხარეს იყო. კუშნარიოვს პირველი ჯარიმა გაუფუჭდა, მაგრამ მეორე დარტყმა უშეცდომოდ შეასრულა და რუსეთი 20:12 დაწინაურდა, ორი მატჩის ჯამში კი, 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.
განახლდა თუ არა თამაში, ტრიბუნაზე შეკრებილმა მაყურებელმა ულამაზესი ლელო იხილა. მასპინძელთა შუამარბმა ხოაკინ პრადამ სტუმრები უყურადღებობაში გამოიჭირა, ექვს რუს მცველს სლალომებით დაუსხლტა და ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა.
მალე სამხრეთამერიკელთა მოლმა რუსებისა გადათელა და მეორე ლელოს კვლავ ზუსტი გარდასახვა მოყვა. მერე სტუმრებს საკუთარი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს ბურთი წინ დაუვარდათ, ურუგვაიმ უკვე 5-მეტრა შერკინებიდან შეუტია და ოგუსტინ ორმაეჩეამ ლელო გაიტანა, ხოლო ბერჩესემ გარდასახვით ანგარიში 33:20 გახადა.
რუსებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს, აგრესიულად შეუტიეს და დენის სიმპლიკევიჩი სინბინის გამო დაკარგეს. საფინალო სასტვენამდე 10 წუთი რჩებოდა, მაგრამ კაცნაკლულმა სტუმრებმა მაინც შეუტიეს და მალე რაქში განზრახ ჯარიმისთვის ყვითელ ბარათი მასპინძელთა მორკინალს უჩვენა.
ჯარიმას აუტი, დერეფანი და მოლი მოყვა, რომელიც ვასილი არტიომოვის ლელოთი დასრულდა. კუშნარიოვმა გარდასახვით რუსებს მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩინა, მაგრამ “დათვები” თავად დაჯარიმდნენ, ბერჩესემ მონაგარს 3 ქულა შემატა და იქვე გადაწყდა, რომ ინგლისში ურუგვაი მიემგზავრებოდა, ხოლო რუსეთი მსოფლიო თასის საგზურის გარეშე დარჩა - 36:27.