ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და პლეი-ოფის ყველა მონაწილე გაირკვა.
თავდაპირველად პლეი-ოფში თამაშის უფლება „სლოვანმა“, „ბოდო გლიმტმა“ და „ზალცბურგმა“ მოიპოვეს, მათ კი, სხვა გუნდებიც შეუერთდნენ.
ფრანგულმა „ლილმა“ სტამბოლის „ფენერბაჰჩის“ ბარიერი დაძლია, რომელსაც ჯერ შინ 2:1 მოუგო, ხოლო სტუმრად დამატებით დროში დაუზავდა (1:1). ამრიგად, ჟოზე მოურინიოს გუნდი ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადავიდა და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა.
მომდევნო ეტაპზეა შვედური „მალმიოც“, რომელმაც სტუმრად სალონიკის „პაოკი“ 4:3 დამატებით დროში დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში 6:5 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ შვედებმა ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე წუთზე გაათანაბრეს, თორემ „პაოკი“ მომდევნო ეტაპზე იქნებოდა.
„ფერენცვაროში“ შინ „მიდტიულანდს“ დაუზავდა (1:1) და პლეი-ოფს მიღმა დარჩა. დანიელებს შინ 2:0 ჰქონდათ მოგებული. აღსანიშანვია, რომ გურამ კაშიას „სლოვანის“ მეტოქე პლეი-ოფში სწორედ „მიდტიულანდი“ იქნება.
პრაღის სლავიამ“ ადვილად აჯობა „უნიონ სენ-ჟილს“, რომელიც სტუმრად 1:0 დაამარცხა, ხოლო მანამდე შინაც აჯობა - 3:1. პლეი-ოფში იქნება პრაღის მეორე გუნდიც - „სპარტა“, რომელმაც სტუმრად 3:2 მოუგო ბუქარესტის „სტიაუას“ და ორი შეხვედრის ჯამში 4:3 დაამარცხა.
კიევის „დინამომ“ „რეინჯერსის“ ბარიერი დაძლია. პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, ხოლო „აიბროქსზე“ უკრაინელებმა 2:0 მოიგეს და პლეი-ოფში გავიდნენ. ყველაზე საინტერესო რაზგრადის „ლუდოგორეცის“ და „ყარაბაღის“ დაპირისპირება გამოდგა. ბულგარელებმა ერთი კვირის წინ გასვლაზე 2:1 მოიგეს, მაგრამ დღეს აზერბაიჯანელებმა სტუმრად 7:2 გაიმარჯვეს! ძირითად დროში „ყარაბაღმა“ მეტოქეს 3:2 სძლია და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც მათ კიდევ 4 უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს.
ამრიგად, ცნობილია პლეი-ოფის ყველა წყვილი, საიდანაც უკვე გამარჯვებულები ჩემპიონთა ლიგის მთავარ ბადეში თამაშის უფლებას მოიპოვებენ.
„იანგ ბოიზი“ (შვეიცარია) – „გალათასარაი“ (თურქეთი)
„დინამო ზაგრები“ (ხორვატია) – „ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი)
„მიდტიულანდი“ (დანია) – „სლოვანი“ (სლოვაკეთი)
„ბოდო გლიმტი“ (ნორვეგია) – „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი)
„მალმიო“ (შვედეთი) – „სპარტა“ (ჩეხეთი)
„ლილი“ (საფრანგეთი) – „სლავია“ (ჩეხეთი)
„დინამო კიევი“ (უკრაინა) – „ზალცბურგი“ (ავსტრია)
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩები 20-21 და 27-28 აგვისტოს გაიმართება.