სხვა

15:24 | 13.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე: "მეოთხე ოლიმპიური ოქროს დიდი სურვილი მაქვს, თუ ჯანმრთელობა საშუალებას მომცემს"

სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ საქართველოში დაბრუნების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მეოთხედ ოლიმპიადის მოგების სურვილი აქვს, მაგრამ ყველაფერი მის ჯანმრთელობაზე იქნება დამოკიდებული.

„პირველ რიგში ვულოცავ გუნდს, ფიქრობ, ძალიან კარგი შედეგია 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, ყველამ მაქსიმუმი გააკეთა, ვინც ოლიმპიადაზე იყო. ჩემი მიღწევით კმაყოფილი ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ მესამედ გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ნამდვილად ყველაფერი გავაკეთე, რომ გამარჯვებული დავბრუნებულიყავი და ალბათ, ყველაზე ემოციური იყო ჩემთვის პარიზის ოლიმპიური თამაშები. მეოთხე ოქროს რაც შეეხება, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, არ ვიცი იქნება თუ არა, მაგრამ თუ ჯანმრთელობა მომცეს საშუალებას, აუცილებლად გავაგრძელებ ვარჯიშს. ლოს ანჯელესამდე ბევრი შეჯიბრი იქნება და იქაც აუცილებლად წარმოვაჩენ ჩემს თავს. რაც შეეხება რეკორდებს, უკვე ბევრი რეკორდი მაქვს და არ მგონია, კარგა ხანს ვინმემ მოხსნას, მეც ვეღარ მივდივარ ახლოს ჩემს რეკორდებთან, რადგან ჯანმრთელობა აღარ მაძლევს მეტის საშუალებას, მაგრამ თუ ფიზიკურად კარგად ვიქნები, რომელიმე ტურნირზე იქნებ ვცადო კიდევ ერთი რეკორდის დამყარება“, - თქვა ტალახაძემ.

კომენტარი გააკეთა ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემაც:

„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ასეთი მაღალი ხარისხის მედლები ოლიმპიადაზე არასდროს ყოფილა. ადრეც გვქონდა 3 ოქროს მედალი, მაგრამ სხვა მედლების ხარისხით ეს გაცილებით კარგი ოლიმპიადა იყო. ამას ემატება ჩემი გუნდის წევრის, ლაშას ფანტასტიკური შედეგი, მძიმე წონაში ასეთი შედეგი არავის ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია, სხვა ქვეყნებსაც ჰყავთ ასეთი ძალოსნები, მძიმე წონაში ასეთი შედეგი არავის ჰქონია. პირველ რიგში, ლაშას ვულოცავ, მწვრთნელებს, პირად მწვრთნელს, ფედერაციას, სპორტის სამინისტროს, რომელიც ჩვენს ყველა ღონისძიებას აფინანსებს“, - აღნიშნა ასანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია, ხოლო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები 7-7-ჯერ აქვს მოგებული.

საქართველოს დელეგაციამ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საბოლოო ჯამში 7 მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ოქროს დაეუფლნენ, ტატო გრიგალაშვილმა, ილია სულამანიძემ (ორივე ძიუდო) და გივი მაჭარაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურულმა (კრივი) ბრინჯაო დაისაკუთრა. საქართველო მედლების ჩათვლაში 206 ქვეყანას შორის 24-ე ადგილზე გავიდა.

0.119186