ჭიდაობა

18:58 | 11.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გივი მაჭარაშვილი: "ბოდიში, რომ შეცდომა დავუშვი და ჩემი ოცნების მედალი საქართველოში ვერ მომაქვს"

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ფინალში შეცდომის გამო დაისაჯა და გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა.

„ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, საუბარი ძალიან გამიჭირდება. მინდა, ჩემს გულშემატკივარს, ქართველ ხალხს მადლობა გადავუხადო და ამასთანავე, ბოდიში მოვუხადო, რომ შეცდომა დავუშვი. ამ შეცდომის გამო დავისაჯე და ჩემი ოცნების მედალი ვერ მიმაქვს ჩემს ქვეყანაში. თუმცა, ღმერთის წყალობით გამოვასწორებ, ვნახოთ, დრო გვაჩვენებს, არ დავნებდები, სხვა გზა არ არის“, - თქვა გივიმ.

გივი მაჭარაშვილმა ოლიმპიადაზე სამი შეხვედრა ძალიან დამაჯერებლად მოიგო, მაგრამ ფინალში თავისივე დაწყებულ შეტევაზე მეტოქის კონტრშეტევას მოჰყვა და მარცხი განიცადა.

საქართველოს დელეგაციამ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საბოლოო ჯამში 7 მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაური (ძიუდო), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) ოქროს დაეუფლნენ, ტატო გრიგალაშვილმა, ილია სულამანიძემ (ორივე ძიუდო) და გივი მაჭარაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ლაშა გურულმა (კრივი) ბრინჯაო დაისაკუთრა.

ოთარ მაღლაკელიძე WORLDSPORT.GE-სთვის პარიზიდან

0.110326