პარიზის ოლიმპიადა ფეხბურთში ქალთა შორის აშშ-ს ნაკრებმა მოიგო, რომელმაც „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე გამართულ ფინალში ბრაზილია 1:0 დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი მელორი სვენსონმა 57-ე წუთზე გაიტანა და ბრაზილიელთა მცდელობა დარჩენილ დროში ანგარიშის გათანაბრებისა, უშედეგო გამოდგა. ამრიგად, ამერიკის ქალთა ნაკრებმა ფეხბურთში ოლიმპიადა მეხუთედ მოიგო.
ბრაზილია ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო ბრინჯაოს მედალი გერმანიამ მოიპოვა, რომელმაც ესპანეთს 1:0 მოუგო.