სხვა

2:00 | 10.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მედლების ჩათვლა ოლიმპიადაზე: საქართველო 40-ეულში აღარაა, პირველობისთვის ბრძოლა დაიძაბა

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მორიგი საშეჯიბრო (მე-14 დღე) გამოდგა საქართველოსთვის უმედლო და ეს რეიტინგზეც აისახა.

საქართველოს დელეგაცია მედლების ჩათვლაში 7 საფეხურით დაქვეითდა და 42-ე ადგილს იყოფს ეკვადორთან ერთად. თუმცა, 10 აგვისტოს მედლებს ველოდებით: გენო პეტრიაშვილი ფინალშია და მედალი განაღდებული აქვს, მაგრამ, ოქროს მოლოდინია, დღესვე გამოდის ლაშა ტალახაძე და ცხადია, ჩემპიონობის გარდა, სხვა მოლოდინი არ არსებობს. თუმცა, ამ წუთისთვის ფაქტი ისაა, რომ საქართველო ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით 40-ეულშიც აღარ არის.

პირველობისთვის ბრძოლა მაგრად დაიძაბა: ჩინეთი აშშ-ს ოქროს მედლებით გაუთანაბრდა და ორივე ქვეყანას 33-33 ოქრო აქვს. ლიდერი მაინც აშშ-ია, რადგან 12 ვერცხლით მეტი აქვს, ვიდრე ჩინეთს.

ათეულში ბევრი ცვლილება მოხდა: ყველაზე მეტად იაპონიამ იხეირა, რომელმაც 3 ოქრო შემატა მონაგარს, შედეგად გადაასწრო საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და სამხრეთ კორეას. საფრანგეთს ბრიტანელებმაც გაასწრეს, შესაბამისად, მასპინძელი მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა. კიდევ ერთი ცვლილება ათეულში ისაა, რომ იტალიას გერმანიამ გადაუსწრო, მიუხედავად იმისა, რომ იტალიელებმა დღეს 6 მედალი მოიპოვეს (თუმცა, მხოლოდ ერთი ოქრო).

მედლების ჩათვლა

1. აშშ - 33 ოქრო, 39 ვერცხლი, 39 ბრინჯაო (სულ - 111 მედალი)

2. ჩინეთი - 33 ოქრო, 27 ვერცხლი, 23 ბრინჯაო (83)

3. ავსტრალია - 18 ოქრო, 16 ვერცხლი, 14 ბრინჯაო (48)

4. იაპონია - 16 ოქრო, 8 ვერცხლი, 13 ბრინჯაო (37)

5. დიდი ბრიტანეთი - 14 ოქრო, 20 ვერცხლი, 23 ბრინჯაო (57)

6. საფრანგეთი - 14 ოქრო, 20 ვერცხლი, 22 ბრინჯაო (56)

7. სამხრეთ კორეა - 13 ოქრო, 8 ვერცხლი, 7 ბრინჯაო (28)

8. ნიდერლანდები - 13 ოქრო, 6 ვერცხლი, 10 ბრინჯაო (29)

9. გერმანია - 12 ოქრო, 9 ვერცხლი, 8 ბრინჯაო (29)

10. იტალია - 11 ოქრო, 12 ვერცხლი, 13 ბრინჯაო (36)

...42. საქართველო - 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო (4)

მედლების ჩათვლის სრული რეიტინგი...

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა (ძიუდო) მოუტანა, ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული (კრივი) დაეუფლა.

0.111351