ფეხბურთი

23:05 | 9.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია (+VIDEO)

ესპანეთის ნაკრები პარიზის ოლიმპიადის ჩემპიონია. „ლა როხამ“ პარიზში, მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები დრამატულ და დაძაბულ ფინალში 5:3 დაამარცხა.

მე-11 წუთზე ფრანგები ენცო მილოს გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ 28-ე წუთზე ესპანეთი უკვე ორი ბურთით იგებდა: დუბლი ფერმინ ლოპესმა შეასრულა, ხოლო ალექს ბაენამ ულამაზესი გოლი გაიტანა და სხვაობა ორამდე გაზარდა.

მიუხედავად ამისა, ტიერი ანრის გუნდი არ დანებდა და გაათანაბრა. ჯერ სხვაობა აკლიუჩემ შეამცირა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჟან-ფილიპ მატეტამ წონასწორობა აღადგინა - 3:3. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ისევ ესპანეთი იყო უკეთესი.

მატჩის გმირი სერხიო კამელო გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და სანტიაგო დენიას გუნდს ოლიმპიური ოქრო მოუტანა.

ესპანეთი ისტორიაში მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. საფრანგეთი ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო მაროკომ ბრინჯაო მოიპოვა.

ესპანური ფეხბურთის დომინაციაზე კი, შეიძლება რამის დამატება? ევროპის ჩემპიონატი, ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი და ოლიმპიადა - ეს ყველაფერი თვეზე ნაკლებ დროში.

საფრანგეთი - ესპანეთი 3:5 დ.დ (1:3)

გოლები: 1:0 მილო (11), 1:1 ლოპესი (18), 1:2 ლოპესი (25), 1:3 ბაენა (28), 2:3 აკლიუჩე (78), 3:3 მატეტა (90, პენ), 3:4 კამელო (100), 3:5 კამელო (120)

0.110729