სხვა

16:15 | 9.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი წყალბურთელების პროტესტი: ზურგის შექცევა მსაჯებს და თვითნებური გაძევება (+VIDEO)

პარიზის ოლიმპიადაზე იტალიის წყალბურთელთა ნაკრებმა (ვაჟები) პროტესტის ფორმას მიმართა. ესპანეთთან მატჩში, რომელიც მეხუთე-მერვე ადგილებისთვის გაიმართა, იტალიელი წყალბურთელები ჰიმნის დროს მსაჯებისა და ჟიურის წინაშე ზურგით დადგნენ, რაც მეოთხედფინალში უნგრეთთან შეხვედრაში მსაჯების შეცდომას უკავშირდება.

უნგრეთთან იტალიამ ფრედ, 9:9 ითამაშა და მერე პენალტების სერიაში წააგო. თუმცა, 2:3-ზე იტალიამ გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯებმა გოლი გააუქმეს და გოლის ავტორი ფრანჩესკო კონდემი 4 წუთით გააძევეს, იტალიელთა კარში პენალტი დანიშნეს და ანგარიში 2:4 გახდა უნგრელთა სასარგებლოდ.

მიზეზი ის იყო, რომ ბურთის კარში დარტყმის მომენტში იტალიელი წყალბურთელის ხელი მეტოქეს შემთხვევით სახეში მოხვდა, რაც საკმაოდ ბუნებრივი იყო. თუმცა, მსაჯებმა მომენტი VAR-ზე განიხილეს და ჩათვალეს, რომ ეს იყო ძალადობრივი მოქმედება, რაც წყალბურთში ყველაზე სერიოზული დარღვევაა. ამის გამო კონდემის ავტომატურად დისკვალიფიკაცია ეკუთვნოდა, მაგრამ სადისციპლინო კომიტეტმა ის არ დასაჯა დისკვალიფიკაციით, რითაც მათ პრაქტიკულად აღიარეს მსაჯების შეცდომა.

დღეს კი, ესპანეთთან შეხვედრაში ჰიმნის დროს ზურგით დადგომა არ ყოფილა ერთადერთი პროტესტი: თამაში დაიწყო და ბურთისთვის გაცურვა კონდემიმ მოიგო, თუმცა იმწამსვე იტალიელთა მწვრთნელმა ტაიმ-აუტი მოითხოვა, კონდემიმ თამაში სიმბოლურად დატოვა და 4 წუთი იტალიელებმა რიცხობრივ უმცირესობაში თავისი ნებით ითამაშეს. პროტესტის ეს ფორმა იმას უკავშირდება, რომ თუ უნგრეთთან კონდემიმ თამაშის წესი დაარღვია, მას ავტომატურად დისკვალიფიკაცია უნდა მიეღო და ესპანეთთან არ უნდა ეთამაშა, თუმცა ის არ დასაჯეს დისკვალიფიკაციით, გამოვიდა, რომ მას არ დაურღვევია თამაშის წესები და უნგრეთთან გოლი შეცდომით არ ჩაუთვალეს. ამიტომაც, იტალიელმა წყალბურთელმა საკუთარ თავს დისკვალიფიკაცია თვითონ გამოუწერა...

უნგრეთის ნაკრებთან ამ გაუქმებულ გოლს დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან თამაშის შედეგზე პირდაპირი გავლენა იქონია. როგორც ვთქვით, მატჩი 9:9 დასრულდა, არადა, კონდემიც მიერ წესების დაცვით გატანილი გოლი რომ ჩათვლილიყო, იტალია 4 წუთი რიცხობრივ უმცირესობაში არ იქნებოდა, ერთი გოლით მეტიც ექნებოდა და უნგრეთს ერთი გოლით ნაკლები (რადგან პენალტი არ დაინიშნებოდა), შესაბამისად, იტალია 10:8-ს მოიგებდა.

აქვე გეტყვით, რომ იტალიამ ესპანეთთან 9:11 წააგო და ტურნირზე მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს.

0.13498