კალათბურთი

0:53 | 9.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

დრიმ თიმის საოცარი ქამბექი სერბეთთან: აშშ ოლიმპიადის ფინალშია

დრიმ თიმი ფინალშია - მძიმედ, მაგრამ საოცარი ქამბექით. ამერიკის შეერთებული შტატების ვარსკვლავური ნაკრები ოლიმპიადის ნახევარფინალში სერბეთს დაუპირისპირდა, რომელსაც ბოლო ერთ თვეში ორჯერ ძალიან ადვილად აჯობა, მათ შორის, ჯგუფურ ეტაპზეც.

თუმცა, სერბეთის ნაკრებმა ამჯერად დიდი წინააღმდეგობა გაუწია მეტოქეს და ცოტა დააკლდა უდიდეს სენსაციამდე. მთელი თამაშის განმავლობაში სერბეთი წინ იყო, აშშ-ს ბევრი არაფერი გამოსდიოდა, ბოლო პერიოდის წინ ჩამორჩენა 13 ქულა იყო.

თუმცა, სტივ კერის გუნდის ჩამოწერა შეუძლებელია, ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. მატჩის დასრულებამდე 3 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, როცა ლებრონ ჯეიმსმა დიდი ხნის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ დრიმ თიმი სულ სხვა იშტაზე მოვიდა და შეუჩერებელი გახდა.

ბოლო პერიოდი ამერიკელებმა 17 ქულით მოიგეს და საბოლოოდ, 95:91 გაიმარჯვეს! ამრიგად, აშშ ფინალშია, სადაც 10 აგვისტოს, მასპინძელ საფრანგეთს შეხვდება, ხოლო სერბეთი ბრინჯაოსთვის გერმანიას გაეჯიბრება.

ისტორიული სამმაგი დუბლი შეასრულა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც 16 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი დააგროვა. ის პირველი კალათბურთელი ისტორიაში, რომელმაც ოლიმპიადაზე სამმაგი დუბლი ორჯერ შეასრულა. 36 ქულა, პლუს 8 მოხსნა ჰქონდა სტეფ კარის, ჟოელ ემბიდი კი 19 ქულით გამორჩა. სერბეთის ნაკრებში ბოიან ბოგდანოვიჩი იყო ყველაზე შედეგიანი 20 ქულით, ხოლო ნიკოლა იოკიჩმა 17 ქულა და 11 პასი დააგროვა.

0.114826