ჭიდაობა

15:33 | 7.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

გობაძე ოლიმპიადის მეოთხედფინალში დამარცხდა

პარიზის ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლაშა გობაძემ მეოთხედფინალური შეხვედრა წააგო.

87 კგ წონით კატეგორიაში გობაძემ ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან განიცადა მარცხი - 3:8. ქართველი ფალავანი პირველი პერიოდის შემდეგ 3:1-ს იგებდა, მაგრამ უპირატესობა მეორე პერიოდში ვერ შეინარჩუნა და წააგო.

გობაძემ მანამდე მერვედფინალში ალჟირელი ბაშირ სიდ აზარა უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ნოვიკოვი ფინალში გავიდა, ლაშა 8 აგვისტოს რეპეშაჟში გამოვა, სადაც პირველ შეხვედრაში დანიის წარმომადგენელ ტურპალ ბისულტანოვს შეხვდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში უნგრელ დავიდ ლოშონჩის დაუპირისპირდება. სწორედ ამ ორი შეხვედრის მოგება დასჭირდება გობაძეს მედლის მოსაპოვებლად.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველო ოლიმპიადაზე 3 მოჭიდავითაა წარმოდგენილი. რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) და რამაზ ზოიძე (67 კგ) მერვედფინალში დამარცხდნენ, შედეგად, უმედლოდ დარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოუტანა (ძიუდო), ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული დაეუფლა (კრივი).

0.115671