ჭიდაობა

0:32 | 6.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

4-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, 41 წლის ლოპეს ნუნიესი ოლიმპიადის ფინალში ზედიზედ მეხუთედ გავიდა

ჭიდაობის ლეგენდა, 41 წლის მიხაინ ლოპეს ნუნიესი ოლიმპიური თამაშების ფინალში ზედიზედ მეხუთედ გავიდა!

ლოპესმა, რომელსაც ოლიმპიადა ოთხჯერ აქვს მოგებული, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მძიმე წონაში (130 კგ) ფინალში გასვლა შეძლო და ერთ ნაბიჯშია მიჯრით მეხუთედ ოლიმპიურ ოქროსთან.

ლეგენდარულმა კუბელმა მოჭიდავემ მერვედფინალში სამხრეთკორეელი სეუნჩან ლი 7:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში ირანელ ამინ მირზაზადეს აჯობა 3:1, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანელი საბაჰ სალეჰ შარიათის ბარიერი დაძლია (4:1).

ლოპესი, რომელიც 42 წლის ზუსტად ორ კვირაში გახდება, ფინალში 6 აგვისტოს იჭიდავებს და მისი მეტოქე ჩილელი იასმანი აკოსტა ფერნანდესი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მიხაინ ლოპეს ნუნიესმა ოლიმპიადა 2008 წელს პეკინში, 2012 წელს ლონდონში, 2016 წელს რიოში და 2021 წელს ტოკიოში მოიგო. სამი წლის წინ მან ფინალში ქართველი იაკობ ქაჯაია დაამარცხა. ის ასევე 5-გზის მსოფლიოს ჩემპიონია, მეტი ტიტული კი მსოფლიოზე მხოლოდ იმიტომ არ აქვს, რომ უბრალოდ ამ შეჯიბრზე აღარ მონაწილეობს.

საქართველოს 130 კგ წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ამ ოლიმპიადაზე წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან ლიცენზია ვერავინ მოიპოვა, მათ შორის, ვერც იაკობ ქაჯაიამ, რომელიც ბოლო ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანია.

0.114323