იტალიური გაზეთი Corriere Dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის კონტრაქტის განახლებაზე ახალ ცნობას ავრცელებს.
წყაროს თანახმად, მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ, სექტემბერშია მოსალოდნელი. იტალიური გამოცემა წერს, რომ ყველაზე უარესი უკან დარჩა და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
გადამწყვეტი იყო კლუბის ხელმძღვანელობის და კვარაცხელიას შეხვედრა გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
„ნაპოლიმ“ კვარას კონტრაქტის ორი წლით, 2029 წლამდე განახლება შესთავაზა, ხელფასის სახით სეზონში 5 მილიონი ევრო, რასაც ბონუსების დაემატება და შეიძლება ხელფასმა ჯამში 7 მილიონსაც გადააჭარბოს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მისი ხელფასი კი, სეზონში მხოლოდ 1.2 მილიონი ევროა. „ნაპოლი“ ახალ სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასზე „მოდენასთან“ მატჩით დაიწყებს.