ფრანგმა ძიუდოისტმა ტედი რინერმა პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში გურამ თუშიშვილთან მომხდარ ინციდენტზე ფრანგულ მედიასთან ილაპარაკა.
ლეგენდარულმა ძიუდოისტმა გაიხსენა თუშიშვილთან 2022 წლის შეხვედრა, როდესაც ფრანგი ქართველმა დაამარცხა, მაგრამ კომისიამ მოგვიანებით შეხვედრაში გამარჯვება გურამს გაუნულა და დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
როგორც რინერმა აღნიშნა, სწორედ იმ შეხვედრის მცირე ანგარიშსწორება იყო მომხდარი ფაქტი.
„მე და მას დიდი გაუგებრობა გვაქვს. ჩემპიონთა ლიგაზე, პარი სენ-ჟერმენში გამოსვლისას მის გუნდს შევხვდით. მან ორი ისეთ რამ გააკეთა, რაც ძიუდოში ძალიან სამწუხაროა. ზურგიდან თავს დამესხა, როცა მსაჯს მატე ჰქონდა ნათქვამი. როგორც წესი, ეს არის ჰანსუკო მაკე, დისკვალიფიკაცია. მან ისეთი ტექნიკა გამოიყენა, რომელსაც ჩემთვის მუხლის ჯვარედინი მყესის ტრავმის მოყენება შეეძლო. ის გამარჯვებულად გამოაცხადეს, მაგრამ შემდეგ, როდესაც კომისიამ გადაწყვეტილება განიხილა, დისკვალიფიკაცია მისცეს. ანგარიშების მცირე გასწორება იყო. ვფიქრობ, არ მოეწონა ლამაზი იპონი, რომელიც გავუკეთე. სპორტი გვასწავლის სიმშვიდის შენარჩუნებას და განსაკუთრებით ოლიმპიურ თამაშებზე. სირცხვილია, რომ ამ ეპიზოდზე ბევრი მელაპარაკება, ეს ცოტათი ძიუდოს აზიანებს. იქ რომ მეპასუხა, შეიძლებოდა დისკვალიფიკაცია მოეცათ, მე ოქროს მედალზე ვფიქრობდი და ვიცი, რომ მოვიგე“, - აღნიშნა რინერმა.
შეგახსენებთ, რომ ტედი რინერმა გამარჯვება პროვოკაციულად აღნიშნა, რასაც თუშიშვილმა უპასუხა და დისკვალიფიკაცია მიიღო, არა მარტო ინდივიდუალური, არამედ გუნდური შეჯიბრიდანაც. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საბოლოო გადაწყვეტილებამდე მას ტურნირებში მონაწილეობაც აუკრძალეს.
ტედი რინერი ოლიმპიურ თამაშებზე შვიდ მედალს ფლობს: 5 ოქრო (3 ინდივიდუალურში, 2 გუნდურში), ორჯერ მან ბრინჯაოს მოიპოვა ინდივიდუალურ ასპარეზობაში. ასევე არის 11-გზის მსოფლიოს ჩემპიონი.
გურამ თუშიშვილს ორჯერ აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონატი, ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატი. გარდა ამისა, მსოფლიოს ჩემპიონატზე თითოჯერ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა, ხოლო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლი მოიპოვა.