ფეხბურთი

16:53 | 3.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მე-5 ჰეთ-თრიქი და 3 ქულა "კარლსრუეს" - ზივზივაძემ კობიაშვილის შედეგი გააუმჯობესა (+VIDEO)

ბუდუ ზივზივაძე შეუჩერებელია. ქართველმა ფორვარდმა ბუნდესლიგა 2-ის ახალი სეზონი ჰეთ-თრიქით გახსნა. საქართველოს ნაკრების წევრის „კარლსრუე“ პირველ ტურში შინ „ნიუნრბერგს" ხვდებოდა და 0:2 მარცხდებოდა, თუმცა, ზივზივაძემ ქამბექი დადო, სამი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს 3 ქულა მოუტანა.

ბუდუმ პირადი ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-2 წუთზე გახსნა, როდესაც სხვაობა შეამცირა. მეორე ნახევარში კი საოცარი პერფორმანსი შემოგვთავაზა. მან ჯერ 73-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო 6 წუთში „კარლსრუე“ წინ გაიყვანა და მიროსლავ კლოზეს გუნდი შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირადად დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი ბუდუმ ერთნაირ სტილში მიითვალა. ის საჯარიმოში ბურთს იღებდა, ისწორებდა და შემდეგ აუღებელს ურტყამდა.

30 წლის ფორვარდმა ამ შეხვედრაში მითვლილი სამი გოლით ბუნდესლიგა 2-ში გატანილი გოლების რაოდენობით ლევან კობიაშვილს გადაასწრო. ახლა მას მხოლოდ ალექსანდრე იაშვილი უსწრებს. ზივზივაძის ანგარიშზე მე-5 პროფესიული ჰეთ-თრიქი და გერმანიის რანგით მეორე ჩემპიონატში გატანილი 16 გოლია.

ბუდუმ თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. ამრიგად, „კარლსრუემ“ სეზონი გამარჯვებით დაიწყო, მომდევნო ტურში კი 10 აგვისტოს, გასვლაზე „დიუსელდორფს“ შეხვდება.

0.11477