ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ჩოგბურთში ნახევარფინალური დაპირისპირებები გაიმართა და ორივე ფინალისტის ვინაობა ცნობილია. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი და ოლიმპიადის დებიუტანტი კარლოს ალკარასი შეხვდებიან.
არცერთ მათგანს ოლიმპიური ჩემპიონობა აქამდე არ მოუპოვებიათ, ნოვაკის ყველაზე დიდი მიღწევა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალია, რომელიც 2008 წელს პეკინში მოიპოვა.
რაც შეეხება ნახევარფინალებს: 21 წლის ესპანელი სპორტსმენის მეტოქე ფელიქს ოჟე-ალიასიმი იყო. გრანდ სლემების 4-გზის ჩემპიონმა თითქმის უბრძოლველად მოიგო, რადგან 19 წლის ალიასიმს ორ სეტში, ერთნაირი ანგარიშით - 6:1, 6:1 აჯობა.
დაპირისპირება საათსა და 16 წუთს გაგრძელდა, რა დროშიც ალკარასს 2 ეისი და ამდენივე ორმაგი შეცდომა, ხოლო კანადელს 1 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
გადამწყეტ შეხვედრაში კარლოს ალკარასის მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება. სერბს საშუალება ექნება ცოტა ხნის წინ უიმბლდონზე წაგებული ფინალისთვის რევანში აიღოს.
თავის მხრივ, ნოვაკმა ლორენცო მუზეტი ასევე ორ სეტში, 6:4, 6:2 დაამარცხა. იტალიელი პირველ სეტში უკეთესი იყო, თუმცა 22 წლის რეიტინგის მე-16 ნომერი სერბის წინაშე ვერაფერს გახდა.
მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერმა დაპირისპირება საათსა და 50 წუთში მოიგო და ახლა ოლიმპიურ ოქროს შეუტევს. ფინალი 4 აგვისტოს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის იტალიელი მუზეტი კანადელ ოჟე ალიასიმს 3 აგვისტოს, 19:00 საათზე დაუპირისპირდება.