ძიუდო

20:02 | 2.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტედი რინერი ოლიმპიური ჩემპიონი მესამედ გახდა

ტედი რინერი ოლიმპიური ჩემპიონი მესამედ გახდა. 35 წლის ფრანგმა საკუთარი პუბლიკის წინაშე პირველობა არავის დაუთმო.

რინერმა ფინალში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, სამხრეთკორეელი მინიონ კიმი იპონით დაამარცხა. მან ასევე იპონით აჯობა ნახევარფინალში ტემურ რახიმოვს და მეოთხედფინალში გურამ თუშიშვილს. სწორედ რინერთან კამათის გამო ქართველი ძიუდოისტი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. რინერს ყველაზე მეტად მერვედფინალში მაგომედომარ მაგომედომაროვთან გაუჭირდა, რომელსაც დამატებით დროში გაფრთხილებებით აჯობა.

ტედი რინერი 2012, 2016 და 2024 წლებში გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, 2008 და 2020 წლის ოლიმპიადებზე კი, ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა. ის ასევე არის 11-გზის მსოფლიოს ჩემპიონი. მას ოლიმპიადა (2020) გუნდურშიც აქვს მოგებული, ასე რომ, მთლიანობაში 4 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს ოლიმპიურ თამაშებზე.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლები უზბეკმა ალიშერ იუსუპოვმა და ტაჯიკმა ტემურ რახიმოვმა დაისაკუთრეს.

ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ბრაზილიელი ბეატრის სოუზა გახდა, ვერცხლი ისრაელის წარმომადგენელ რაზ ჰერშკოს ერგო, ხოლო ბრინჯაოს მედლები სამხრეთ კორეელმა კიმ ჰაიუნმა და ფრანგმა რომან დიკომ მოიპოვეს.

ძიუდოში ინდივიდუალური ტურნირი დასრულდა და საქართველოს არაოფიციალურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი ერგო ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედლით. სწორედ რინერის ოქროთი გადაასწრო საქართველოს საფრანგეთმა. მასპინძლები ერთი ოქროს, 2 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედლით მესამეზე გავიდნენ, მეორე ადგილი 2 ოქროს მედლით აზერბაიჯანს ერგო, ხოლო იაპონიამ 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოთი პირველი ადგილი ირგუნა.

3 აგვისტოს, შეჯიბრი გუნდურში გაიმართება, საქართველო მერვედფინალში იტალიას ან უნგრეთს დაუპირისპირდება.

0.1165