ძიუდო

17:42 | 2.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მე-5 ოქრო და 3 მედალი: ძიუდოისტების მონაგარი ოლიმპიადაზე

საქართველოს ძიუდოს გუნდმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა ინდივიდუალურ შეჯიბრში დაასრულა.

ვაჟების და ქალთა გუნდი სულ 10 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი, საიდანაც სამმა მათგანმა აიღო მედალი.

90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ხოლო 81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი და 100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.

მეხუთე ადგილი დაიკავეს და ერთი მოგება დააკლდათ ბრინჯაოს მედლამდე გიორგი სარდალაშვილს (60 კგ) და ეთერ ლიპარტელიანს (57 კგ). ასპარეზობას მერვედფინალში გამოეთიშა სოფიო სომხიშვილი, მეოთხედფინალში გურამ თუშიშვილი, რომელსაც რეპეშაჟში უნდა ებრძოლა, მაგრამ დისკვალიფიკაციის გამო შეჯიბრიდან მოიხსნა. პირველივე წრეში დაასრულეს გამოსვლა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ეთერ ასკილაშვილმა (63 კგ).

1 ოქრო და 2 ვერცხლი ძიუდოში ოლიმპიადაზე საქართველოსთვის მეორე შედეგია. ამაზე უკეთესი მაჩვენებელი წინა ოლიმპიადაზე გვქონდა - 1 ოქრო (ბექაური მაშინაც) და 3 ვერცხლი (მარგველაშვილი, შავდათუაშვილი და თუშიშვილი).

საქართველო არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილზე გავიდა იაპონიის (3 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო), აზერბაიჯანის (2 ოქრო) და საფრანგეთის (1 ოქრო, 2 ვერცხლი, 6 ბრინჯაო) შემდეგ.

ძიუდოში ოლიმპიადაზე დამოუკიდებელი საქართველოს შედეგები:

1996 წელი (ატლანტა) – 1 ბრინჯაო (სოსო ლიპარტელიანი)

2000 წელი (სიდნეი) – 1 ბრინჯაო (გიორგი ვაზაგაშვილი)

2004 წელი (ათენი) – 1 ოქრო, 1 ვერცხლი (ზურაბ ზვიადაური, ნესტორ ხერგიანი)

2008 წელი (პეკინი) – 1 ოქრო (ირაკლი ცირეკიძე)

2012 წელი (ლონდონი) – 1 ოქრო (ლაშა შავდათუაშვილი)

2016 წელი (რიო დე ჟანეირო) – 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო (ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი)

2020 წელი (ტოკიო) – 1 ოქრო, 3 ვერცხლი (ლაშა ბექაური, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი)

2024 წელი (პარიზი) – 1 ოქრო, 2 ვერცხლი (ლაშა ბექაური, ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე)

დამოუკიდებლობის პერიოდში ოლიმპიადაზე ყველაზე მეტი ოქრო სწორედ ძიუდოისტების აქტივშია (5), ხოლო ამ სახეობაში სულ 15 მედალი მოვიპოვეთ. უკეთესი შედეგია ჭიდაობაში (ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ერთად), სადაც 19 მედალია ოლიმპიადაზე მოპოვებული, თუმცა მხოლოდ 3 იყო უმაღლესი სინჯის.

შაბათს, 3 აგვისტოს, გუნდური შეჯიბრი გაიმართება, რომელშიც ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები პირველად გამოვა. ჩვენი გუნდი ასპარეზობას მერვედფინალიდან დაიწყებს, სადაც იტალიასა და უნგრეთს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.

0.115209