ფეხბურთი

16:54 | 1.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

AS: "სტოლე დიმიტრიევსკი გიორგი მამარდაშვილის თვალწინ ბრწყინავს"

„ვალენსია“ ამხანაგურ შეხვედრაში „ლევანტეს“ დაუპირისპირდა (0:0). მოსაწყენ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილს მონაწილეობა არ მიუღია, რადგან გუნდს ახლახან შეუერთდა და ჯერ სათამაშო კონდიციაში არაა.

როგორც ესპანური გამოცემა AS-ი წერს, მოედანზე საუკეთესო „ღამურების“ მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი იყო, რომელმაც პრესეზონზე კიდევ ერთხელ დატოვა კარგი შთაბეჭდილება მას შემდეგ, რაც მანამდე პსვ ეინდჰოვენთან შეძლო თავის გამოჩენა.

„ლა ლიგის დაწყებამდე ორნახევარი კვირით ადრე რუბენ ბარახას და ხულიან კალეროს წინ ბევრი სამუშაო აქვთ. წინასასეზონო ვალენსიური დერბი მოსაწყენი გამოდგა, აშკარა საგოლე მომენტების გარეშე და ძალიან დაბალი ტემპით. მართალია, ძალიან ცხელოდა, მაგრამ გულშემატკივარმა თითქმის ვერაფერი ნახა.

„ვალენსიაში“ ერთადერთი გამორჩეული ფეხბურთელი კარში იყო. დიმიტრიევსკიმ აჩვენა, რომ ყველაფრისთვის მზადაა. ჩრდილომაკედონიელმა მორალესს გოლი ორჯერ არ გაატანინა და ეს ყველაფერი გიორგი მამარდაშვილის თვალწინ. „ვალენსიას“ ქართველმა ვარსკვლავმა მთელ მატჩს პატერნას ბაზის შენობის ერთ-ერთი ოთახის ფანჯრიდან უყურა. მას არ აქვს ის შეთავაზებები, რაც პიტერ ლიმს სურს - 40 მილიონი. ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ვარაუდობს, რომ ამ სეზონს „ვალენსიაში“ გაატარებს და კარში კონკურენცია იქნება“, - წერს As-ი.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილის წასვლას იმდენად შეგუებული იყვნენ, რომ „რაიო ვალეკანოდან“ სტოლე დიმიტრიევსკი დაიმატეს, თუმცა, ყველამ იცის, რომ მამარდაშვილი თუ დარჩება, დიმიტრიევსკის მეორე მეკარის როლით მოუწევს დაკმაყოფილება. ამიტომაც, სტოლეს კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმად, მას „ღამურების“ დატოვება ამ ზაფხულს 3 მილიონ ევროდ შეუძლია.

„ვალენსია“ მიმდინარე პრესეზონზე კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს „ლიდსთან“ (3 აგვისტო) და „აინტრახტთან“ (10 აგვისტო), ხოლო ლა ლიგის პირველ ტურში 17 აგვისტოს, „ბარსელონას“ „მესტალიაზე“ დაუხვდება.

გიორგი მამარდაშვილს, რომელსაც „ვალენსიაში“ 100 მატჩი აქვს ჩატარებული, კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

0.11243